გასული წლის რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ, 2025 წლის 11 თვეში საქართველოში საახალწლო და საშობაო დღესასწაულების საქონლის იმპორტი შემცირდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს ქვეყანაში 9 მილიონ 507 ათასი დოლარის ღირებულების 1 426 ტონა პროდუქტი შემოვიდა. იმპორტის ღირებულება 17.4%-ით, მოცულობა კი 13.1%-ით შემცირდა.
საახალწლო და საშობაო საქონლის მთავარი მომწოდებელი კვლავაც ჩინეთია და იმპორტის 81% სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის. იმპორტის კლებაც ჩინეთიდან პროდუქტის შეძენის შემცირებამ განაპირობა. იანვარ-ნოემბერში ამ ქვეყნიდან 7 მილიონ 705 ათასი დოლარის ღირებულების 1 287 ტონა საახალწლო და საშობაო საქონელი შემოვიდა, გასული წლის 11 თვეში კი ჩინეთიდან ამ დასახელების საქონლის იმპორტი 9.2 მლნ დოლარი და 1 449 ტონა იყო.
ჩინეთის გარდა, საახალწლო საქონელი ნიდერლანდებიდან შევიძინეთ და 44 ტონაში 901 ათასი დოლარი გადავიხადეთ. იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში ვხვდებით ასევე ჰონკონგს - 183 ათასი დოლარი, 24 ტონა; ბულგარეთი - 168 ათასი დოლარი, 23 ტონა; პოლონეთი - 116 ათასი დოლარი, 13 ტონა; უკრაინა - 68 ათასი დოლარი, 10 ტონა; ბელგია - 63 ათასი დოლარი, 1 ტონა; გერმანია - 55 ათასი დოლარი, 7 ტონა; საფრანგეთი - 43 ათასი დოლარი, 3 ტონა; ესტონეთი - 35 ათასი დოლარი, 600 კგ.




























