მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ აფგან მუხთარლის €12 500 უნდა გადაუხადოს - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

აფგან მუხთარლი

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ საქმე მოიგო.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენის თანახმად, საქართველოს მთავრობამ მუხთარლის 12 500 ევრო უნდა გადაუხადოს, საიდანაც 10 000 არამატერიალური ზიანის სანაცვლოდაა, ხოლო 2 500 ევრო - ხარჯების ასანაზღაურებლად. აზერბაიჯანის მთავრობამ კი მას 8 500 ევრო უნდა გადაუხადოს: 6 000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის, ხოლო 2 500 ევრო ხარჯების ასანაზღაურებლად.

სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) მუხლები დაარღვია აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიების ჩატარების ნაწილში. საქმე 2017 წელს, თბილისიდან მუხთარლის გატაცების, არასათანადო მოპყრობის და საქართველოდან აზერბაიჯანში უკანონო გადაყვანის საკითხის გამოძიებას ეხება. აფგან მუხთარლი ჩიოდა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით ან თანხმობით მოხდა, რისი გამოძიებაც არაეფექტური იყო.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობდა, 2017 წლის მაისში, თბილისის ცენტრიდან გაუჩინარების შემდეგ კი აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. მას აზერბაიჯანში ბრალი სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წელს აზერბაიჯანის სასამართლომ მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა 2020 წელს მოულოდნელად გაათავისუფლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები