ევროკომისია საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიშში მიუთითებს, რომ საქართველოს სხვა არაერთ საკითხთან ერთად არც სებ-ის დამოუკიდებლობის განმტკიცების შესახებ დათქმის შესახებ არ ჰქონია გასული წლის განმავლობაში პროგრესი. ეროვნული ბანკის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის განმტკიცება წარმოადგენდა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში საქართველოსთვის განსაზღვრული 9 დათქმიდან ერთ-ერთის, კერძოდ კი მეხუთე დათქმის შემადგენელ ნაწილს, თუმცა დღეს ევროკომისია აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით საქართველოს არავითარი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
დათქმა #5 გაუმჯობესდეს საპარლამენტო ზედამხედველობა, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. გააძლიეროს ისეთი საკვანძო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია.
ამ დათქმის შესრულების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, რაც ევროკომისიის განცხადებით არ მომხდარა.
"არ მომხდარა ნაბიჯების გადადგმა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის განმტკიცების მიმართულებით, ასევე იმისთვის რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტური პოზიციების კონკურენტული და გამჭვირვალე კონკურსის შედეგად დანიშვნა. არ გადადგმულა ნაბიჯები, რათა 2023 წლის მარტის შემდეგ არჩეული ყოფილიყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ამასთან სებ-ის საბჭოს პოზიციები კვლავ ვაკანტურია,"- ნათქვამია ევროკომისიის დასკვნაში.
უფრო ვრცლად ევროკომისიის გაფართოების ანგარიში წაიკითხეთ სტატიაში - მთავრობამ ევროპული გზიდან გადაუხვია - ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციას არ გასცემს.