მისი თქმით მეორე ვარიანტია, რომ საქართველომ ახალი საზღვაო პორტები, მათ შორის, ანაკლია ააშენოს.
„საქართველომ თავისი საზღვაო პორტების შესაძლებლობები უნდა გაზარდოს, რაც ამჟამად „შუა დერეფნის“ სწრაფი განვითარებისთვის შემაფერხებელ ბარიერს წარმოადგენს. გაფართოების რამდენიმე ვარიანტია, მათ შორისაა: უკვე არსებული პორტების გაფარ,თოება, მშრალი პორტების განვითარება და, რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტის მშენებლობა.
გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელ სტრატეგიას აირჩევს ქვეყანა, მთავრობის მისაღებია, თუმცა თუ ჩვენი მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა იქნება საჭირო, EBRD-ი სიამოვნებით განიხილავს მსგავს ინიციატივებს“, - განაცხადა რენო-ბასომ.
BMG-სთან ინტერვიუში EBRD-ის პრეზიდენტმა აგრეთვე ტრანსკასპიური დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი განვითარება ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკურ ზრდას.
„საერთაშორისო გადამზიდავები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ თავიანთი სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციას, რის გამოც „შუა დერეფნის“ გავლით ტრანსპორტის გადაზიდვაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება.
ტრანსკასპიური დერეფნის გახსნამ, შესაძლოა, კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის ახალი სავაჭრო შესაძლებლობები შექმნას. დერეფნის განვითარება გაზრდის რეგიონში წარმოდგენილი ქვეყნების ეკონომიკურ პოტენციას და ხელს შეუწყობს ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბების განვითარებას“, - დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ EBRD-ს საქართველოში 270 პროექტში 5 მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული, პრიორიტეტულ სფეროებს კი მდგრადი ინფრასტრუქტურა, საფინანსო სექტორი და წარმოების სექტორი წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო 12-16 სექტემბერს კავკასიის ტურნეს გამართავს, რომლის ფარგლებშიც ის საქმიანი ვიზიტით საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.




























