მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ დაკარგა €121 მილიონის დახმარება. თუ მთავრობის ტრაექტორია არ შეიცვლება, მეტს დაკარგავს - პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირისგან მეტ დახმარებას დაკარგავს, თუ მთავრობის ტრაექტორია არ შეიცვლება. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უკვე რამდენიმე ხნის წინ მიიღეს ევროკავშირის ლიდერებმა და მხოლოდ მიმდინარე პროგრამების ნაწილში ეს თანხა 121 მლნ ევროა.

„გასულ კვირას გამოვაქვეყნეთ მონაცემები. საქართველომ დაკარგა ევროკავშირის 121 მილიონი ევროს დახმარება და ეს ეხება მხოლოდ დახმარების მიმდინარე პროგრამებს. თუ მთავრობის ტრაექტორია არ შეიცვლება, სამწუხაროდ, საქართველო დაკარგავს უფრო და უფრო მეტს. თუ თქვენ, ქართველები თქვენი ხმის მიცემით გადაწყვეტთ, რომ არ გააგრძელოთ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლა, რა თქმა უნდა, საქართველო დაკარგავს ყველა ფინანსურ დახმარებას, რომელიც მიმართულია გაწევრიანებამდე და შემდეგ საქართველო დაკარგავს მთელ ფულს, რომელსაც ევროკავშირის წევრები, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც ეკონომიკური განვითარების უფრო დაბალი დონე აქვთ, ჩვეულებრივ იღებენ“, - აღნიშნა ელჩმა.

მან საკუთარი ქვეყნის, პოლონეთის მაგალითი მოიყვანა, რომელიც წელს ევროკავშირის წევრობის 20 წლისთავს აღნიშნავს და თქვა, რომ ბლოკის წევრობამ ქვეყანა მნიშვნელოვნად გარდაქმნა. ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა არის მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების და კეთილდღეობის გარანტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები