სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თბილისში, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ კავშირებსა და საქართველოს ეკონომიკურ მიღწევებზე ისაუბრა.
ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ ის არის სერბეთის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს. მან ხაზი გაუსვა ორ ერს შორის არსებულ ხანგრძლივ მართლმადიდებლურ ტრადიციებს და კმაყოფილება გამოხატა პატრიარქ შიოსთან შეხვედრის გამო.
სერბეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოს ეკონომიკური წინსვლა, პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდა, ტურიზმისა და მშენებლობის დარგში არსებული მაჩვენებლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ გამოცდილებიდან სერბეთი ბევრს სწავლობს.
ვუჩიჩის თქმით, თბილისში სერბეთის საელჩო გაიხსენება, რის შემდეგაც, იმედოვნებს, რომ ბელგრადში საქართველოს საელჩოც გაიხსნება.
როგორია ეკონომიკური ურთიერთობები სერბეთთან?
„დიპლომატიური ურთიერთობების მიღმა, ჩვენს ქვეყნებს განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ. მე ვარ პირველი პრეზიდენტი, რომელიც თქვენს ქვეყანაში ჩამოვიდა და მადლობას გიხდით ასეთი თბილი მიღებისთვის. მადლობას გიხდით ასევე ჩვენი ურთიერთობებისთვის.
საქართველოს არა მხოლოდ მეგობრულ ქვეყანად და ერად განვიხილავთ, არამედ ჩვენ საერთო, ხანგრძლივი მართლმადიდებლური ტრადიციებიც გვაკავშირებს. ძალიან მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა, ურთიერთობა მქონოდა პატრიარქთან, შიო მესამესთან. ჩვენი ძმური, მართლმადიდებლური ურთიერთობა განსაკუთრებულია.
ასევე ვხედავ, რამდენად შორსმიმავალია თქვენი ხედვა მომავლის მიმართ. ჩვენ მეგობრები ვართ და ყოველთვის პატივს ვცემთ ერთმანეთს. არაერთ საერთაშორისო ღონისძიებაზე გვქონია შეხვედრა, სადაც ყოველთვის თბილი ურთიერთობა გვქონდა. ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთის იმ პოლიტიკის, რომელსაც საკუთარ ქვეყნებში ვახორციელებთ.
2012 წლიდან დღემდე საქართველომ საოცარ შედეგებს მიაღწია. ამას სერბეთის სახელით ვამბობ. ჩვენი ქვეყანა აღიარებს თქვენს მიღწევებს. შესაძლოა, ზოგს ჰგონია, რომ ეს შედეგები თავისთავად უნდა დამდგარიყო, თუმცა ჩვენ ასე არ ვფიქრობთ.
სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა პირველ კვარტალში 9.3% იყო. ჩვენ ვიცით, რომ ევროპაში მსგავსი მაჩვენებელი პრაქტიკულად არ არსებობს და ვამაყობთ თქვენი ამ შედეგით. როდესაც პირველი კვარტლის მონაცემები სრულად შეჯამდება, ჩვენც ვნახავთ, რა მაჩვენებლით გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა, თუმცა უკვე დღეს ვხედავთ, რამდენად დიდია საქართველოში წინსვლა და რა ტემპით ვითარდება ქვეყანა.
დასავლეთში ხშირად ამბობენ, რომ დასავლეთ ევროპაში მსგავსი ტემპის ეკონომიკური ზრდა რომ არსებობდეს, ეს მართლაც გამორჩეული მოვლენა იქნებოდა. მე ვამაყობ იმით, რაც საქართველოში ხდება. ძალიან მიხარია თქვენი მიღწევები და ბევრს ვსწავლობთ თქვენგან.
საქართველოში მშენებლობის სექტორის ზრდამ 12% შეადგინა, რაც ასევე განსაკუთრებული მაჩვენებელია. მაღალი იყო ზრდა ტურიზმშიც. ჩვენ ვხედავთ, სად შეიძლება ვისწავლოთ თქვენგან და რაზე უნდა ვიმუშაოთ სერბეთში უფრო მეტად, რათა თქვენს მაჩვენებლებს მივუახლოვდეთ.
მადლობას ვუხდი საქართველოს საკუთარი ეროვნული პოზიციის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით მიღწეული წარმატებებისთვის. მსოფლიოში ბევრი ქვეყანა, რომელიც ყურადღებით აკვირდება საქართველოს, სწავლობს თქვენს მიდგომებს და ცდილობს, საკუთარი პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის გამოიყენოს ეს გამოცდილება.
პირველ კვარტალში ორმხრივი ვაჭრობა 36.4%-ით გაიზარდა. სერვისებისა და ტურიზმის მიმართულებითაც მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს, რასაც პირდაპირი ავიამიმოსვლაც უწყობს ხელს. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით სერბი ტურისტების რაოდენობის ზრდის ხარჯზე იზრდება.
ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ქართველი ტურისტი სტუმრობდეს სერბეთს. თბილისში ჩამოსვლა დიდი სიამოვნებაა და ველი, რომ ქართველი ბიზნესმენებიც ჩამოვლენ სერბეთში და ადგილზე გაეცნობიან იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს.
ჩვენ მრავალ საკითხზე ვისაუბრეთ და საერთო ხედვაც ძალიან მასშტაბური გვაქვს. გვექნება შესაძლებლობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გავაფორმოთ, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს ჩვენს ურთიერთობებში. ეს ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას.
სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები სწორედ ის მიმართულებაა, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ. მხოლოდ რამდენიმე საკითხის შეთანხმება დაგვრჩა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ხელშეკრულების გაფორმება და აქტიური ვაჭრობის დაწყება.
ამ შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ის იქნება, რომ საქართველოდან სერბეთში კომერციული არხებით გაცილებით მეტი პროდუქცია და მომსახურება შევა. წარმოიდგინეთ, რამდენად გაიზრდება იმპორტი საქართველოდან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ. ჩვენი ბაზარი შეუზღუდავად გაიხსნება. სერბი მომხმარებლები მნიშვნელოვნად ისარგებლებენ ქართული პროდუქციისა და მომსახურების ხელმისაწვდომობით. ეს შეთანხმება თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება როგორც მწარმოებლებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის.
მიხარია, რომ ძალიან მალე საქართველოში სერბეთის საელჩო გაიხსნება. იმედი მაქვს, ანალოგიური გადაწყვეტილება საქართველოს საელჩოს გახსნასთან დაკავშირებითაც იქნება მიღებული სერბეთში. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს მათ განვითარებას. ასეთი მაღალი დონის ინტეგრაცია ორივე ქვეყნის ინტერესებს კიდევ უფრო მყარ საფუძველს მისცემს.
ძალიან მადლობელი ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მადლობას ვუხდი მას იმ გადაწყვეტილებისთვისაც, რომლის შედეგადაც ბევრი ათლეტი, მუსიკოსი, მეწარმე და პოლიტიკოსი სტუმრობს ან მომავალში ეწვევა ჩვენს ქვეყანას.
მართალია, ახლა არ მინდა კონკრეტულ ჩემპიონატზე საუბარი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ 2027 წელს ჩვენს ქვეყანაში ბევრი სტუმარი ჩამოვა.
კიდევ ერთხელ მივესალმები საქართველოში სერბეთის საელჩოს გახსნას. ძალიან მიხარია, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება. იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს საელჩოც გაიხსნება სერბეთში. ეს ნაბიჯები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას და მაღალი დონის ინტეგრაციას.
ჩვენ მრავალი ურთიერთობის მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემოციური კავშირი, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის არსებობს — იქნება ეს ტურიზმი, კულტურა თუ სხვა სფეროები.
ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენა იყო, რომ ღვინის ტურიზმის გარდა, საქართველოში სათხილამურო ტურიზმიც ასეთ მაღალ დონეზეა განვითარებული. ეს ჩემთვის სიახლე იყო. თქვენი სათხილამურო ინფრასტრუქტურა ევროპის საუკეთესო კურორტების ინფრასტრუქტურას შეესაბამება.
ძალიან ბევრს უყვარს საქართველოში ჩამოსვლა. ყველას უყვარს საქართველო მრავალი მიზეზის გამო.
კიდევ ერთხელ მინდა საქართველოს მომავალში დიდი წარმატება ვუსურვო. თქვენი ძალისხმევა ნამდვილად შესაშურია. შედეგები, რომლებსაც საქართველომ მიაღწია, გამორჩეულია და ევროპაში მსგავსი წარმატების მიღწევა მხოლოდ ერთეულმა ქვეყნებმა შეძლეს.
იქნება ეს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა თუ სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები, თქვენი შედეგები ნამდვილად საამაყოა. ვისურვებდი, რომ ჩემს ქვეყანასაც მსგავსი წარმატება ჰქონდეს ყველა მიმართულებით.
დიდი მადლობა ასეთი თბილი მიღებისთვის. იმედი მაქვს, რომ თქვენც საკუთარ სახლში იგრძნობთ თავს, როდესაც სერბეთს ეწვევით. თბილისიდან ძალიან თბილი მოგონებები მიმაქვს.
დიდი მადლობა მეგობრობისთვის და იმ განსაკუთრებული ურთიერთობისთვის, რომელიც ჩვენს ერებს აკავშირებს.“
მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით




























