დღეს, 15 ივნისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი მეუღლესა და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა. პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილი ოფიციალური დახვედრის შემდეგ, იგი მიხეილ ყაველაშვილი შეხვდება, სადაც მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.
bm.ge გთავაზობთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ოფიციალური წყაროების მიხედვით
საქართველო-სერბეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია. ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-დეკემბერში ბრუნვამ 20.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 16.7 მლნ აშშ დოლარს უდრიდა. შედეგად, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა წლიურად 21.2%-ით გაიზარდა.
რას ვყიდულობთ სერბეთიდან?
საქართველომ მიმდინარე წლის ოთხ თვეში სერბეთიდან ძირითადად თამბაქოს ნაწარმი შეიძინა - მათ შორის სიგარები, სიგარილები და სიგარეტები, რომელთა ღირებულებამ 2.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტის მნიშვნელოვან ნაწილს ასევე შეადგენს მცენარეული მასალა და ნერგები, მათ შორის სოკოს მიცელიუმი - 630 ათასი დოლარის მოცულობით.
საგულისხმოა მინერალური და ქიმიური სასუქების იმპორტიც, რომლის ღირებულებამ 593 ათასი დოლარი შეადგინა. ამასთან, ქვეყანაში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტებიც - 348 ათასი დოლარის მოცულობით. იმპორტის სტრუქტურაში ასევე ფიქსირდება ელექტრო მოწყობილობები მაღალი ძაბვის სისტემებისთვის (342 ათასი დოლარი), ქაღალდი და მუყაო (301 ათასი დოლარი), ცხოველების საკვები (182 ათასი დოლარი), ელექტრო წყალგამახურებლები (161 ათასი დოლარი), კონსერვირებული მცენარეული პროდუქტები (144.9 ათასი დოლარი) და სხვა საკვები პროდუქტები (144.4 ათასი დოლარი).
რას ვყიდით სერბეთში?
საქართველომ წელს 4 თვეში სერბეთში ყველაზე მეტად მცენარეული წარმოშობის სათრიმლავი ექსტრაქტები და ტანინები გაყიდა - ამ კატეგორიაში ექსპორტი 1.4 მლნ დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, მცირე მოცულობით გავყიდეთ ნავთობპროდუქტები (69 ათასი დოლარი), ხის მასალაზე დაფუძნებული პროდუქტები, როგორიცაა ფანერა და პანელები (31 ათასი დოლარი), მინერალური და მტკნარ წყლები (19 ათასი დოლარი) და სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიურ დანადგარებს (7.7 ათასი დოლარი).
ფულადი გზავნილები
2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, სერბეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა 558 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წელს სერბეთიდან გზავნილების მოცულობამ 1.8 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, მაშინ როცა 2024 წელს ეს მაჩვენებელი 901 ათასი დოლარი იყო. უფრო ადრე, 2023 წელს გზავნილებმა 633 ათასი დოლარი შეადგინა, 2022 წელს - 205 ათასი დოლარი, ხოლო 2021 წელს - 123 ათასი აშშ დოლარი.
მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო ხუთ წელიწადში სერბეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა რამდენჯერმე გაიზარდა და სტაბილურ ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს.
ტურიზმი:
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, სერბეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში სერბეთიდან 1,401 ვიზიტორი დაფიქსირდა, მაშინ როცა 2025 წლის საანგარიშო პერიოდში მათი რაოდენობა 703-ს შეადგენდა. შედეგად, სერბეთიდან ვიზიტორების რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდა და ზრდამ 99.3% შეადგინა.
აქვე აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Air Serbia-მ თბილისი–ბელგრადის მიმართულებით პირდაპირი ფრენები გასული წლის 15 ივნისიდან დაიწყო. ამავე წლის 5 ივნისს ბელგრადში საქართველოსა და სერბეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომელიც ლიბერალურ პრინციპებს ეფუძნება და არ ზღუდავს დანიშნული ავიაკომპანიებისა და დანიშნულების პუნქტების რაოდენობას.
FDI
ოფიციალური მონაცემებით, სერბეთიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელება არ ფიქსირდება.




























