ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ორგანოს, MONEYVAL-ის უახლესი შეფასებით, საქართველომ გააუმჯობესა ზომები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ გააუმჯობესა შესაბამისობა ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის მე-12 რეკომენდაციასთან, რომელიც პოლიტიკურად აქტიურ პირებს შეეხება. შედეგად, ამ კომპონენტში შეფასება "ნაწილობრივ შესაბამისიდან" “შესაბამისამდე” გაიზარდა.
MONEYVAL-ი მიუთითებს, რომ მთლიანობაში, საქართველომ მიაღწია პროგრესს ტექნიკური შესაბამისობის ხარვეზების აღმოფხვრაში, რომლებიც გამოვლენილი იყო 2020 წლის ანგარიშში.
ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) 40 რეკომენდაციასთან მიმართებით საქართველოს აქვს შესაბამისობა 7-თან, ძირითადად შესაბამისობა 22-თან, ნაწილობრივი შესაბამისობა 10-თან და შეუსაბამობა 1-თან.
მოსალოდნელია, რომ საქართველო 2024 წლის დეკემბერში MONEYVAL-ს წარუდგენს მოხსენებას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო სისტემის გაძლიერების მიმართულებით მიღწეული შემდგომი პროგრესის შესახებ.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ღონისძიებების შეფასების ექსპერტთა კომიტეტი - MONEYVAL-ი წარმოადგენს ევროპის საბჭოს მუდმივი მონიტორინგის ორგანოს. იგი უფლებამოსილია შეაფასოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ძირითადი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობა, მათი განხორციელების ეფექტურობა, ასევე, ადგილობრივ ხელისუფლებას მიაწოდოს რეკომენდაციები ეროვნული სისტემების აუცილებელი გაუმჯობესების მიზნით.