მონაცემთა ცენტრების ხარჯზე მსოფლიოს მასშტაბით ელექტროენერგიის მოხმარება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, არსებულ პირობებში კი ეს შეიძლება ინვესტორებისთვის საქართველოში გამოწვევა იყოს.
ხელოვნური ინტელექტის მიერ წარმოქმნილი გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მსოფლიოში მათ შორის ატომური ენერგიის დახმარებითაც ცდილობენ. მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები ახალი ატომური სადგურის მშენებლობას იწყებს, რომ AI ინდუსტრიის გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლოს. ენერგეტიკოსი გია არაბიძე ამბობს, რომ ქვეყანამ ფოკუსი პირველ რიგში ჰიდრო რესურსის ათვისებაზე უნდა გააკეთოს, თუმცა სამომავლოდ მცირე ზომის ატომური სადგურის მშენებლობის საკითხიც უნდა იყოს განხილული.
“ელექტროენერგიის მოხმარების უდიდესი წილი მთელ მსოფლიოში მონაცემთა ე.წ დატა ცენტრებზე მოდის. სამწუხაროდ, ჩვენთან ჯერჯერობით არ არის, მაგრამ უნდა მოვემზადოთ მონაცემთა ცენტრებისთვის. ამისათვის წყალსაცავიანი ჰესები, რომელიც შეგიძლია არა მარტო პიკურ რეჟიმში, არამედ ბაზისურ რეჟიმში ამუშავო აუცილებლად უნდა აშენდეს. დღეს ცოტა რთულია საუბარი, მაგრამ მიკროატომური ელექტროსადგურები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტობრივად უსაფრთხოა მის განვითარებაზეც უნდა იფიქროს საქართველომ”,- ამბობს გია არაბიძე.




























