2024 წლის რვა თვეში საქართველომ 239 მილიონი დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 18%-ით ნაკლებია. საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ კლების ძირითადი მიზეზი აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის შესყიდვის შემცირებაა, ხოლო რუსეთის ფედერაციიდან შესყიდული გაზის მოცულობები გაზრდილია.
2024 წლის რვა თვეში შესყიდული ბუნებრივი აირის ღირებულება ასე ნაწილდება:
- აზერბაიჯანი - 149 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 28%;
- რუსეთის ფედერაცია - 89.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 6%.
2024 წლის დასაწყისში ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირის სასარგებლოდ 1.1 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის შესყიდვა დათმო. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველო შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის მეტ აქცენტს გააკეთებს რუსულ გაზზე.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ხელშეკრულება გააფორმა SOCAR-თან გაზის ნაკადების დროებით EU-სკენ გადამისამართებაზე. ამ შეთანხმებით რომლითაც საქართველო უფლებამოსილია, შეიძინოს გაზი SCP პროექტის ხელშეკრულებებით. შედეგად, ევროკავშირისთვის ყოველწლიურად ხელმისაწვდომი გახდა დამატებითი გამტარუნარიანობა - დაახლოებით 1,1 მილიარდი კუბური მეტრი, რომელიც გამოიყენებოდა აზერბაიჯანის ბუნებრივი გაზის გაზრდილი ექსპორტისთვის ევროპის ქვეყნებში.
ევროკავშირი აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირს სამხრეთ კავკასიური მილსადენის (SCP) და მისი გაგრძელებების, ტრანსანატოლიური და ტრანს-ადრეატიკული მილსადენებით გავლით იღებს. 2023 წელს მილსადენ SCP-ის სატრანზიტო დატვირთვამ 21.4 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 1.6 მილიარდი კუბური მეტრით მეტი იყო. ამ მილსადენიდან საქართველოს მიერ ბუნებრივი აირის მიღების საკითხს შაჰდენიზის კონსორციუმთან გაფორმებული მრავალწლიანი ხელშეკრულება არეგულირებს.
რაც შეეხება რუსეთიდან მიღებულ ბუნებრივ აირს, რუსულ გაზს საქართველო ჩრდილოეთი სამხრეთის მაგისტრალური მილსადენიდან ყიდულობს. ამ გაზსადენის საშუალებით რუსული Gazprom-ი სომხეთს ბუნებრივ აირს აწვდის. 2022 წელს ამ მილსადენის დატვირთვა 2.3 მილიარდი კუბური მეტრი იყო.