მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველომ სომხეთს საგანმანათლებლო სერვისების ექსპორტით გაუსწრო" - ეკონომისტის ანალიზი

უმაღლესი განათლება

მაშინ, როდესაც საქართველო უცხოელ სტუდენტებს წარმატებით იზიდავს და განათლებას მოგებიან ბიზნესად აქცევს, სომხეთი მას ჩამორჩება ეკონომიკის ამ პერსპექტიული სექტორის განვითარებაში. BMG-ის სომხეთის ბიუროს თანახმად, ამის შესახებ ACSES-ის ანალიტიკური ცენტრის პრეზიდენტმა, ეკონომისტმა ჰაიკაზ ფანიანმა თბილისის ერთ-ერთ კერძო უნივერსიტეტში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა.

ექსპერტის მიერ მოყვანილი მონაცემების მიხედვით, 2022/23 სასწავლო წელს, უცხოელი სტუდენტების წილმა საქართველოში სტუდენტთა საერთო რაოდენობის 50.1%-ს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 43%-იანი ზრდაა. მაშინ, როდესაც სომხეთში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 7,8%-ია. უნივერსიტეტების ანალოგიური რაოდენობით (54 სომხეთში და 62 საქართველოში) მნიშვნელოვნად განსხვავდება კერძო სექტორის წილი განათლებაში: საქართველოში სტუდენტების 41,3% სწავლობს კერძო უნივერსიტეტებში, სომხეთში - მხოლოდ 17,5%.

„ქართველებმა საგანმანათლებლო სერვისების მიწოდება დიდ ბიზნესად აქციეს, აქტიურად იზიდავენ უცხოურ ინვესტიციებს და სტუდენტებს განვითარებადი ქვეყნებიდან - აფრიკიდან ფილიპინებამდე“, - აღნიშნავს ფანიანი.

ეკონომისტი სომხეთის მიდგომას განათლების სექტორის განვითარების მიმართ აკრიტიკებს. კერძოდ, ის მიუთითებს თანხების არაეფექტურ განაწილებაზე, როდესაც 3 მილიარდი დოლარი გამოიყოფა აკადემიური ქალაქის შესაქმნელად, მაშინ როცა არსებული კერძო უნივერსიტეტები არასაჭირო მარეგულირებელი მოთხოვნების წინაშე დგანან. ეკონომისტს მაგალითად მოჰყავს ის, რომ ამერიკულ უნივერსიტეტსაც კი არ ეძლევა ნებართვა ქალაქის ცენტრში ააშენოს ახალი კამპუსი.

გარდა ამისა, ექსპერტი ასევე ამახვილებს ყურადღებას სომხეთში განათლების აღქმის შეცვლის აუცილებლობაზე: „ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გაბატონებული იდეა განათლებაზე, როგორც სოციალურ სფეროზე და არა როგორც ბიზნესზე, რაც უკიდურესად საშიშია ყველა შემდგომი უარყოფითი შედეგით”, - განმარტავს ფანიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები