მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველომ ყაზახეთთან მემორანდუმი გააფორმა, რომელიც სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამებსაც ითვალისწინებს

განათლების მინისტრი

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საქართველომ ყაზახეთის რესპუბლიკასთან მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი, ერთი მხრივ "ოცნების" მთავრობის განათლების მინისტრს, ალექსანდრე წულაძესა და მეორე მხრივ, ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრ საიასატ ნურბეკს შორის.

როგორც საქართველოს განათლების სამინისტრო იტყობინება, მემორანდუმი ითვალისწინებს ორივე ქვეყნის უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე მყოფი სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამებს, ასევე, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას, აკადემიური პერსონალის, მკვლევართა მომზადება/გადამზადების მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებას, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლას და სხვა.

"ჩვენი მიზანია, ქართველ სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ჩაერთონ გაცვლით პროგრამებში, მიიღონ განათლება და გაიარონ სტაჟირება ყაზახეთის უნივერსიტეტებში და, პირიქით, ჩვენ მივიღოთ ყაზახი სტუდენტები საქართველოში", - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

"მემორანდუმის თანახმად, ორივე ქვეყანა აქტიურად ითანამშრომლებს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროების განვითარების კუთხით. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის კვლევითი ორგანიზაციების ერთობლივ მონაწილეობას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ სამეცნიერო-კვლევით კონკურსებში.

დოკუმენტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განათლების დოკუმენტების აღიარების კუთხით, თანამშრომლობის გაფართოებას", - წერია განათლების უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, "ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე რამდენიმე მინისტრთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში იმყოფებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები