ომამდე სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის 65%-მდე აღდგენას ელოდებოდა. წლის დასაწყისში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო საქართველოს საავიაციო ბაზარს ოთხი უკრაინული ავიაკომპანია გამოაკლდა, თუმცა წელსვე ოთხი ავიაკომპანია Condor Airlines; Flyone Armenia; Varesh Airlines; Flyadeal დაემატა.
უკვე არსებული სტატისტიკით მიმდინარე წლის ათ თვეში საქართველოს აეროპორტები 3 716 700 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 85%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წელთან შედარებით აღდგენის საერთო დინამიკა 81%-ს შეადგენს. 2019 წლის შესაბამის პერიოდში საქართველოს აეროპორტების მეშვეობით კომპანიებმა 4.5 მლნ-ზე მგზავრი გადაიყვანეს.
რაც შეეხება ცალკეულ აეროპორტებს, ათ თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაახლოებით 2.5 მლნ მგზავრს მოემსახურა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყნის ყველაზე დიდ აეროპორტში აღდგენის მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. წელს აღდგენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი [96%] ბათუმის აეროპორტს ჰქონდა. საანგარიშო პერიოდში აეროპორტი 549 961 მგზავრს მოემსახურა.
რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ის მიმდინარე წლის 10 თვეში 639 086 მგზავრს მოემსახურა, რაც 89%-იანი მაჩვენებელია 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ტრადიციულად უცხოური ავიაკომპანიები ლიდერობენ. ბაზრის თითქმის მეოთხედი Wizz air-სა და Turkish airlines-ს უკავია.
ათი თვის მონაცემებით, Wizz air-ს ბაზრის 13% უკავია, მეორე ადგილზე 12%-იანი წილით Turkish Airlines-ია, ხოლო მესამე ადგილზეა თურქული ბიუჯეტური Pegasus. უკრაინაში ომის დაწყებას საქართველოს ავიაციაზე დადებითი ეფექტიც ჰქონდა, რაც ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენებაში გამოიხატა. ათი თვის მონაცემებით ქვეყანაში გადაფრენების რაოდენობა წლიურად 64%-ით არის გაზრდილი, რაც ერთი მხრივ გამოწვეულია პანდემიის შემდეგ მოგზაურობაზე გაზრდილი მოთხოვნითა და ომის გამო საჰაერო ნაკადების გადაჯგუფებით.
ამის საილუსტრაციოდ გამოდგება Eurocontrol-ის მონაცემები, რომლითაც 14 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი თითქმის 80%-ით იყო გაზრდილი.
აღდგენის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი დაფიქსირდა ოქტომბერშიც. ამ პერიოდში საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების რაოდენობა გაიზარდა. კერძოდ, თუ პანდემიამდე საქართველოს საავიაციო ბაზარზე 36 ავიაკომპანია ოპერირებდა, ოქტომბერში მათი რაოდენობა 40-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერი იყო პირველი თვე, როცა ფრენების რაოდენობით საქართველომ გადააჭარბა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. კერძოდ ავიარეისები შესრულდა 384-395 სიხშირით რაც წარმოადგენს 5%-იანი ზრდას 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით. საავიაციო ბაზარზე ოპერირებს 40 ავიაკომპანია - 4 ავიაკომპანიით მეტი ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. რაც შეეხება ოქტომბრის თვის მგზავრთნაკადს, აღდგენის მაჩვენებელი 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით შეადგენს 99%-ს.
უკვე დამტკიცებული ზამთრის სანავიგაციო სეზონის განრიგით ქვეყანის საერთაშორისო აეროპორტებიდან რეგულარული სამგზავრო რეისები 41 ავიაკომპანიის მიერ, 31 ქვეყნის 61 მიმართულებით შესრულდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შეფასებით, ეს აღდგენის თვალსაზრისით კარგი მაჩვენებელია. რაც შეეხება ქართულ ავიაკომპანიებს, ამ ეტაპზე ქვეყანაში საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი 14 ავიაკომპანიას აქვს და მათი უმეტესობა სატვირთო გადაზიდვებს ემსახურება.