მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის და რა პირობებით შეეძლება პარაპლანით ფრენა? - მთავრობამ ფასებიც განსაზღვრა

645cbc69e5c29
თამთა ჯიჯავაძე
11.05.23 14:25
1202
მთავრობამ პარაპლანით ფრენების უსაფრთხოების წესები განსაზღვრა და შესაბამისი დადგენილება გამოსცა. აღნიშნული წესი პარაპლანებისთვის ადგენს ფრენის უსაფრთხოებასთან, სასტარტო მოედნის მოწყობასთან, მფრინავის კომპეტენციის დადასტურებასთან, საფრენი აპარატისა და აღჭურვილობის ვარგისიანობასთან და ამ სფეროს ზედამხედველობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებსა და ზოგად წესებს; ასევე, ამ წესით განსაზღვრული საქმიანობის საფასურის ოდენობასა და გადახდის წესს. აღსანიშნავია, რომ ამ წესის მოთხოვნები არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე.

განისაზღვრა, რომ ფრენებს საფრენ ლოკაციაზე უზრუნველყოფს ოპერატორი, რომელიც მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის მიერ გაცემულ შესაბამის სერტიფიკატს. პირმა ოპერატორის სერტიფიკატის მისაღებად ფედერაციას უნდა მიმართოს განცხადებით.

ოპერატორმა ფრენების დაწყებამდე უნდა შეისწავლოს მიმდინარე და მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობები. ასევე, ის ვალდებულია, ფრენის დაწყებამდე შესაბამისი ტექნიკური აპარატურის მეშვეობით ადგილზე შეამოწმოს მფრინავი და სახმელეთო უზრუნველყოფის ჯგუფის ყველა წევრი ალკოჰოლურ ნივთიერებებზე.

ოპერატორი ვალდებულია საფრენ ლოკაციაზე არ დაუშვას პარაპლანით ფრენა, თუ მფრინავს არ გააჩნია შესაბამისი მოქმედი დაზღვევის პოლისი. ასევე, არ უნდა დაუშვას ის პარაპლანი, რომელიც ფედერაციის მიერ არ არის აღრიცხული ელექტრონულ რეესტრში ან არ აქვს სტატუსი – „საფრენად ვარგისია“.

რაც შეეხება საფრენ ლოკაციას, პარაპლანით კომერციული ფრენა მხოლოდ სერტიფიცირებულ საფრენად ვარგის ლოკაციაზეა შესაძლებელი. საფრენ ლოკაციასთან დაკავშირებული ამ წესის მოთხოვნების ჯეროვნად დაცვას აკონტროლებს საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაცია ლოკაციის გეგმური ან/და არაგეგმური შემოწმების გზით. საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დასადგენად კი დაინტერესებულმა პირმა ფედერაციას უნდა წარუდგინოს განცხადება.

სერტიფიცირებულ საფრენ ლოკაციაზე საფრენად დაიშვება მხოლოდ ის მფრინავი, რომელსაც აქვს ფრენის შესაბამისი კომპეტენცია/კატეგორია, რომელიც ასევე განსაზღვრულია შემუშავებული წესით. მფრინავმა ფრენის კატეგორია შეიძლება მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ წარმატებით გაივლის ფედერაციის ბაზაზე შექმნილი საგამოცდო და აღიარების კომისიის დანიშნულ გამოცდას. ამასთან, პარაპლანის მფრინავის მოწმობა გაიცემა:

ა) სამი წლის ვადით, თუ პირის ასაკი არ აღემატება 60 წელს, გარდა ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) ორი წლის ვადით, თუ პირის ასაკი აღემატება 60 წელს, გარდა ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

რაც შეეხება არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ფრენის კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარებას, კანონში ჩაიწერა, რომ ფედერაციამ უნდა განსაზღვროს იმ ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომელთა მიერ გაცემულ პარაპლანის მფრინავის მოწმობას აღიარებს ამ წესის შესაბამისად.

განისაზღვრა სერტიფიცირებისა და მფრინავის მოწმობის მიღებისთვის დადგენილი საფასურებიც. კერძოდ, საფრენი ლოკაციის სერტიფიცირების ღირებულება შეადგენს – 3000 ლარს.

პარაპლანის:

ა) ფრთის, ჯამბარების, თავისუფალი ბოლოების ჩასაჯდომი/ჩასაბმელი სისტემის და სათადარიგო პარაშუტის ვარგისიანობის მთლიანად შემოწმების ღირებულება შეადგენს 180 ლარს;
ბ) პარაპლანის აღჭურვილობის ერთი რომელიმე ელემენტის შემოწმების ღირებულება შეადგენს -75 ლარს.
3. ოპერატორის სერტიფიცირების ღირებულება შეადგენს 1500 ლარს.
4. თეორიულ გამოცდაზე დაშვების საფასური შეადგენს 60 ლარს.
5. პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების საფასური შეადგენს 180 ლარს.
6. პარაპლანის მფრინავის მოწმობის დამზადების საფასური შეადგენს 50 ლარს.
7. პარაპლანის მფრინავის კატეგორიის აღიარების საფასური შეადგენს 100 ლარს ერთი ქვეკატეგორიისათვის.

საინტერესოა, ასევე ისიც, რომ პარაპლანით ფრენის ძირითადი მოთხოვნების მიხედვით, პარაპლანით ფრენა უნდა განხორციელდეს: მზის ამოსვლასა და ჩასვლას შორის პერიოდში; ხმელეთის ზედაპირთან მუდმივი ვიზუალური კავშირის შენარჩუნებით; ასაფრენ ტრაექტორიაზე შემხვედრი ქარის მიმართულება არ უნდა სცდებოდეს 45 გრადუსს; რეგულარული ქარის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 25 კმ/სთ-ს, მეყსეული ქარის სიჩქარე კი – 36 კმ/სთ-ს; ვიზუალური მხედველობის არეალი არ უნდა იყოს 3 კმ-ზე ნაკლები; ფრენის ტრაექტორიიდან 10 კმ-ის რადიუსში არ უნდა შეიმჩნეოდეს საავდრო ღრუბლების ფორმირება; ღრუბელწარმოქმნის ქვედა ზღვარი არ უნდა იყოს ასაფრენი მოედნიდან 300 მეტრზე ნაკლებ სიმაღლეზე.

საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციამ ამ წესის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უნდა შექმნას შემდეგი კომისიები: ა) ოპერატორისა და საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დამდგენი კომისია; ბ) საგამოცდო და აღიარების კომისია; გ) პარაპლანისა და საფრენი აღჭურვილობის ვარგისიანობის დამდგენი კომისია დ) მონიტორინგისა და ინსპექტირების კომისია.

ფედერაციის მიერ ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვასა და უფლებამოსილებების განხორციელებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

შეგახსენებთ, უკვე 9 თვეზე მეტია, საქართველოში პარაპლანით ფრენა აკრძალულია. გადაწყვეტილება მთავრობამ 2022 წლის 30 ივლისს მიიღო, მას შემდეგ, რაც გუდაურში ტრაგედია დატრიალდა. პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი პილოტისა და ტურისტის გადარჩენის დროს სასაზღვრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მაშინ განაცხადა, რომ პარაპლანით ფრენები პრობლემაა და რეგულაციების გამკაცრება იყო საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები