თითქმის 18-თვიანი აკრძალვის შემდეგ, საქართველოში პარაპლანით ფრენები 3 საფრენ არეალზე 2024 წლის დასაწყისში აღდგა.
ფრენების აღდგენას წინ უძღოდა სერტიფიცირების გრძელვადიანი პროცესი. პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი კაპანაძემ მედიაცენტრ "მთავარის" პრესკლუბში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სერტიფიცირება 90-მდე მფრინავს აქვს გავლილი, მათ შორის 15 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
„ჩვენ გვყავს ახლა დაახლოებით 60 პილოტი, რომელთა საქმიანობა არის კომერციული ფრენები. ამის გარდა არის დაახლოებით 15 უცხოელი პილოტი, მათი ძირითადი საქმიანობის სფეროც კომერციული ფრენებია და კიდევ 15 ადამიანი ისეთი, რომელიც საკუთარი თავისთვის დაფრინავს, ვგულისხმობ არა კომერციულ ფრენებს.
პარაპლანისტებს საკუთარი თავის ფრენებისთვის გამოყოფილი ექნება G კლასის საჰაერო სივრცე, გარდა იმ ნაწილისა, რომელშიც დამატებითი შეზღუდვები მოქმედებს, ეს შესაძლოა, იყოს სტრატეგიული ობიექტი, სამხედრო ბაზა - ამის თავზე ფრენა არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, საქართველოს საჰაერო სივრცის სამი/მეოთხედი G კლასია“, - განაცხადა ირაკლი კაპანაძემ.
კაპანაძემ ისაუბრა მთავარ მიზეზებზეც, რაც რეგულაციების ამოქმედებამდე უბედურ შემთხვევებს იწვევდა.
"იმ შემთხვევაში, როცა ხუთი, ან ექვსი პარაპლანი დაფრინავს, უბედური შემთხვევის ალბათობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე მაშინ, როცა ერთ ადგილას ასი პარაპლანი დაფრინავს. ჩვენ, სწორედ ამ მოცემულობამდე მივედით, როცა საფრენი აპარატების რაოდენობა ძალიან გაიზარდა. ასევე, უკონტროლოდ გაიზარდა მფრინავების რაოდენობა. ადამიანები, სამი თვე რომ ვარჯიშობდნენ, თვლიდნენ, რომ დამოუკიდებლად ფრენა შეეძლოთ. ეს აღარ იქნება.
აქამდე პრობლემა ნამდვილად იყო, ერთდროული ფრენები. აწი, ოპერატორი კომპანია, ან სკოლა რომელიც ადგილზე იმუშავებს, უზრუნველყოფს ამ ფრენების რიგითობას და წესრიგს. ოპერატორები არიან კვალიფიციურ ადამიანთა გუნდი, რომლებიც ხელმძღვანელობენ თანმიმდევრულად გაწერილი ოპერირების წესებით. ეს მოიცავს, როდის შეიძლება ფრენა, როგორი უნდა იყოს სტარტები რომელი მანევრია დასაშვები, როგორი უნდა იყოს ღრუბლიანობა, ქარის სიმძლავრე/მიმართულება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გაწერილი აქვს ოპერატორ კომპანიას, რაც აქამდე ქაოსური იყო" - თქვა ირაკლი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, პარაპლანით ფრენა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის ივლისში მას შემდეგ აიკრძალა, რაც გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე ფრენის დროს 2 ადამიანი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. ერთი წლის თავზე კი, სექტორს ფრენების აღდგენის ნებართვა მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემთხვევაში მიეცა.
2023 წლის 8 მაისს კი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა წესები, რომლებიც პარაპლანით კომერციულ, არაკომერციულ და საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენებს არეგულირებს. ეს წესები არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე, თუმცა მათ შესასრულებლად გარკვეული მოთხოვნები მაინც არსებობს.