მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა დელეგაცია ეწვევა

641496d032b9b
BM.GE
17.03.23 20:35
588
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდება ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ შეხვედრაზე თქვა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 85%-ს იმპორტი წარმოადგენს, ამიტომ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობა მათთვის მნიშვნელოვანია.

სამინისტროს ინფორმაციითვე, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა დელეგაცია ეწვევა.

„ბოლო წლებში, ჩვენ ქვეყნებს შორის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის დინამიკა მზარდია, თუმცა, კიდევ უფრო დიდი პოტენციალი არსებობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ყოველწლიურად, 15-20 %-ით იზრდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის როგორც წარმოება, ასევე ექსპორტი. არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აღნიშნული მიმართულებით დადებითად აისახება და საშუალებას მოგვცემს, გავაღრმავოთ თანამშრომლობა და მოვიზიდოთ ინვესტიციების სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის წარმოების, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, განახლებადი ენერგიის, გარემოს დაცვის და სხვა არაერთი მიმართულებით, რაც წარმატებული და მომგებიანი იქნება ორივე მხარისთვის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საამიროებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 85%-ს იმპორტი წარმოადგენს, შესაბამისად, არაბთა გაერთიანებული საამიროების სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მსგავს შეთანხმებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. არაბთა გაერთიანებული საამიროები დაინტერესებულია ინვესტიციების განხორციელებით ისეთი მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს სასურსათო უსაფრთხოებას, კლიმატის ცვლილების შერბილებას და სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევას.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ როგორც აგრარული, ასევე გარემოსდაცვითი მიმართულებებით საინვესტიციო შესაძლებლობების დეტალურად განხილვის მიზნით, ახლო მომავალში, საქართველოს არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა დელეგაცია ეწვევა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან პროცესს კოორდინაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გაუწევს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი აჰმედ იბრაჰიმ ალ ნუაიმი, არაბთა გაერთიანებული საამიროების სამთავრობო დელეგაციის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები