"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა.
ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში კობახიძე შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრთან, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან.
ვიზიტის ფარგლებშივე, ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან, რომლის ფარგლებში საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ინვესტიციის მოცულობა დაკონკრეტებული არ არის. არც ის, რა პროექტის განხორციელებას გეგმავს კომპანია. bm.ge შესაბამისი კითხვით ადმინისტრაციის პრესსამსახურს დაუკავშირდება.
მათივე ცნობით, ამასთან, დაგეგმილია შეხვედრა აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან და მის ლოგისტიკურ მიმართულებასთან, აბუ-დაბი პორტის ჯგუფთან, რომელიც აქტიურად არის ჩართული შუა დერეფნის განვითარებაში. კომპანია ახორციელებს თბილისის მშრალი პორტის პროექტს, რომელიც 2025 წელს დასრულდება. იგეგმება კომპანიასთან თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სტრატეგიულ, ლოგისტიკურ და სატრანსპორტო პროექტებში.
კობახიძე აბუ-დაბიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში "ოცნების" პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.