მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EMAAR-ის ინვესტიციის მოცულობა $6.6 მილიარდამდე გაიზარდა - ირაკლი კობახიძე

2323
25.09.25 13:14
1782

"ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, EMAAR-ის ინვესტიციის მოცულობა 6.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. როგორც აქამდე იყო ცნობილი, თანხა 6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

კობახიძემ ჟურნალისტებთან არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

"გახსოვთ, რომ სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატეს თავის დროზე EMAAR-ის ინვესტიციასთან დაკავშირებით, ეს არის 6 მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია, სხვათა შორის ინვესტიციის მოცულობაც გაიზარდა 6,6 მილიარდ დოლარამდე, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკას. როდესაც ნახეს, რომ ეს ინვესტიცია ხორციელდება, ახლა უკვე გადაერთვნენ სხვა ტიპის სპეკულაციებზე, მათ შორის არ მოეწონათ პროტოკოლი ბატონი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში. ზოგიერთ ექსპერტს ისიც კი დაავიწყდა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი. ფორმალური თვალსაზრისით, ის არის პარტიაში პირველი თანამდებობის პირი, ის არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ასევე ფორმალური მოცემულობის მიღმა, იცით, ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლის შესახებ ჩვენს პოლიტიკურ გუნდში და მთლიანად ქვეყანაში. სწორედ ის ჩაუდგა სათავეში იმ ბრძოლას, რომელმაც დაასრულა სისხლიანი რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში 2012 წელს. დღეს რომ საქართველოს აქვს შენარჩუნებული მშვიდობა და საქართველო ვითარდება ეკონომიკური თვალსაზრისით და ყველა მიმართულებით, ეს არის სწორედ პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. ამ ფონზე ზოგიერთმა ჩვენმა ოპონენტმა, მათ შორის ე.წ. ექსპერტმა, დღეს აღმოაჩინა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი.

ყველაფერი იყო დაცული, პროტოკოლი იყო დაცული და რაც მთავარია, ჩვენი ეროვნული ინტერესები იყო ბოლომდე დაცული. ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პარტნიორობის გაღრმავებას ჩვენსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის, ეს მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური კუთხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. EMAAR-ის ინვესტიციის გარდა, ჩვენ გვქონდა საუბარი ბევრი სხვა მიმართულებით, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, სავაჭრო თანამშრომლობის განვითარებაზე, ინვესტიციებზე. ეს ყველაფერი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი პოლიტიკური კავშირები გავაძლიეროთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ცნობილია, არაბთა გაერთიანებული საამიროების უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 5 წლის განმავლობაში ჩადებს ინვესტიციას. კომპანია, როგორც ამის შესახებ მიმდინარე წლის იანვარში ითქვა, საქართველოში ორი დეველოპერული პროექტის განვითარებას გეგმავს - მათ შორის პირველი პროექტი გონიოში 260 ჰექტარზე განთავსდება, მეორე კი თბილისის მახლობლად, 590 ჰექტარზე ფონიჭალაში. როგორც "ოცნების" მთავრობისგან ითქვა, ინვესტიციას ქვეყნის ბიუჯეტზე პირდაპირი გავლენა 2026 წლიდან ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები