"ამ ურთიერთობებს შევაფასებდი როგორც არაჯანსაღს", - ასე შეაფასა დიპლომატმა ვანო მაჭავარიანმა “ანალიტიკასთან” ინტერვიუში საქართველოს მიერ აშშ-სთან ბოლო დროს წარმართულ ურთიერთობები.
საქმე ის არის, რომ ირაკლი კობახიძემ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისმა ვაშინგტონს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სამოქმედო გეგმის გაზიარება სთხოვა, ან იკითხა, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს. მანამდე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენისას კი, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ქართული ოცნების მთავრობამ ტრამპის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, თუ როგორ არის შესაძლებელი აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება, რის შემდეგაც, რუბიოს თქმით, აშშ-მ ქართულ მხარეს აცნობა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან ამისთვის. მისი თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ქართული ოცნება ტრაექტორიას შეიცვლის.
ვანო მაჭავარიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს საპირისპიროდ ირაკლი კობახიძის გაკეთებულ განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ თუ საქართველო ამერიკასთან ურთიერთობის გაჯანსაღებას აპირებს, ასე არაფერი გამოვა.
“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ახლა არ არის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, პრემიერ-მინისტრის ეს პასუხი, ანუ ეს ე.წ. არაფატიზმი, რომ სახლში ერთს ამბობდა, გარეთ მეორეს, აუცილებლად მივა. თუ ურთიერთობის გაჯანსაღებას აპირებენ, ასე არ გამოვა ურთიერთობების დალაგება. გასაგებია, რომ არსებობს საერთო ინტერესები, ეს აისახა მათ შორის იმ განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების შემდეგ იქნა გავრცელებული - საქართველოში იყო ეს ვიზიტი - მაგრამ ფაქტია, რომ აქ მთავარი პრობლემა არის საფრთხეები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხედავს და არა ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ შეიცნო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობისას”, - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ამერიკის მხრიდან ცალსახად არის ხაზგასმული იმ ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენა, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანში გაჩნდა, თუმცა ამას სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა, ოპოზიციურ ფლანგთან დიალოგი და გარემოს შექმნა საერთაშორისო ბიზნესისთვის.
“ძალიან რთული და არაჯანსაღი ვითარებაა და საერთო ჯამში რომ ავიღოთ, საქართველო ძალიან ბევრს კარგავს იმით, მათ შორის მათ მიერ ეგრეთ წოდებული დეკლარირებული მრავალვექტორული პოლიტიკით, რომელსაც ფაქტიურად ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა პოლიტიკურად, გეოპოლიტიკურად გამოთიშულია, ერთადერთი იმის იმედი აქვთ, რომ რადგან არის ჩართული აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის ინტერესიც, ის ეგრეთ წოდებული შუა დერეფანი რაღაცა ფორმით მაინც იქნება დაფინანსებული. ამათთვის მთავარი არის როგორც ჩანს ფინანსური ურთიერთობები, ეკონომიკური ურთიერთობები, იმიტომ რომ სანამ მათ ფული აქვთ, მათ ეკონომიკური, დემოკრატიული თუ ასე ვთქვათ პოლიტიკური თუ სხვა ღირებულებითი ურთიერთობები მიაჩნიათ არაპრიორიტეტულად და ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ ძალიან საინტერესოა შემდეგი ნაბიჯები”, - აღნიშნა მან.




























