2024 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი 10 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიის მთლიანი შემოსავალი აუდიტორული, აუთსორს საბუღალტრო, საკონსულტაციო და იურიდიული მომსახურებების გაწევიდან 25%-ით გაიზარდა და მან 142 მილიონი ლარი შეადგინა. აუდიტორული საქმიანობით დაკავებულმა კომპანიებმა 2024 წლის შედეგები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეგულირების სამსახურს უკვე წარუდგინეს.
აუდიტორული კომპანიები შემოსავალს სხვადასხვა წყაროდან იღებენ. ესაა კლიენტებისთვის ფინანსური და იურიდიული კონსულტაციების გაწევა, აუდიტორული ანგარიშებისა და კვლევების მომზადება, საბუღალტრო სერვისის აუთსორსინგი და სხვა. ფინანსურ ანგარიშებში სწორედ კომპანიების მთლიანი შემოსავლები არის ასახული.
ანგარიშების თანახმად, შემოსავლების მიხედვით, 2024 წელს #1 ადგილზე EY საქართველოა, რომელმაც წლის განმავლობაში 27.2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 51%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მეორე პოზიციას 25.5 მილიონი ლარით BDO საქართველო იკავებს, მესამეზე კი PWC საქართველოა 25.3 მილიონი ლარის შემოსავლით.
2024 წლის აუდიტორული კომპანიების რეიტინგი:
1) შპს იუაი საქართველო — 27,164,408 ლარი; ზრდა 51%
2) შპს ბიდიო საქართველო — 25,472,579 ლარი; ზრდა 16%
3) შპს PWC საქართველო — 25,292,075 ლარი; ზრდა 22%
4) შპს KPMG Georgia — 15,390,061 ლარი; ზრდა 15%
5) შპს ნექსია ჯორჯია — 14,546,637 ლარი; ზრდა 19%
6) FMG (HLB Georgia) — 10,179,498 ლარი; ზრდა 16%
7) შპს დელოიტი და ტუში — 9,308,305 ლარი; ზრდა 30%
8) შპს გრანთ თორნთონ — 5,494,493 ლარი; ზრდა 12%
9) შპს ეკოვის საქართველო — 4,710,489 ლარი; ზრდა 17%
10) შპს არესემ საქართველო — 4,531,436 ლარი; კლება -13%
გარდა ამ კომპანიებისა, 2024 წელს შემოსავლის 50%-იანი ზრდა ჰქონდა "Moore ABC"-ის, რომლის შემოსავალმაც 3.7 მილიონ ლარს მიაღწია, "ბეიკერ ტილის" შემოსავალი კი 19%-ით 3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
რეიტინგი reportal.ge-ზე გამოქვეყნებულ საჯარო ფინანსურ ანგარიშებს ეფუძნება. წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავს აუდიტორული კომპანიების მთლიან შემოსავლებს, მათ შორის აუდიტორული ანგარიშგებების მომზადებიდან, საბუღალტრო მომსახურებებიდან, საკონსულტაციო, მართვის, იურიდიული და სხვა სერვისების მიწოდებიდან.



























