საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მედიასთან საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და ევროპულ მისწრაფებებს მმართველი პარტიის ოპონენტები აზიანებენ.
"შეგახსენებთ ჩვენი ოპონენტების ძალიან თავგამოდებულ ძალისხმევას იმისთვის, რომ საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია, არ ყოფილიყო ევროკავშირის ასოცირებული წევრი, არ ჰქონოდა ის სარგებელი, რომელიც უშუალოდ განკუთვნილია ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ ამას შევეჩვიეთ, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ასხამს წყალს მათი გაწეული ძალისხმევა. ჩვენ აღარ გვჯერა, რომ ვინმე ამას უნებლიედ აკეთებს, ეს არის მიზანმიმართული, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯები. ამას ჩვენი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ძალიან კარგად აფასებს.
მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიზანმიმართულად ებრძვის ჩვენს ქვეყანას, იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და რომელიც არის ძალიან ღირებული თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის - ვერანაირად ვერ შეძლებენ ამის დაზიანებას", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, მმართველი პარტია საქართველოს "აუცილებლად გახდის" ევროკავშირს სრულფასოვან წევრს და ოპოზიცია ამაში ხელს ვერ შეუშლით.
"ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი და განუზომლად დიდი ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო კანდიდატი ქვეყანა, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ემოგზაურათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და საქართველოს ჰქონოდა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან.
ჩვენ ამას გავაგრძელებთ, ჩვენ საქართველოს აუცილებლად გავხდით ევროკავშირის ღირსეულ, სრულფასოვან წევრად და ჩვენს ოპონენტებს ამ მიმართულებით არაფერი გამოუვათ. მინდა მოვუწოდო [ოპონენტებს], რომ დაანებონ ქვეყნის დაზიანებას თავი, დაანებონ იმ მავნებლურ ქმედებებს თავი, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ჩვენი ხალხის ინტერესებს“, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.