კომერციული ბანკების მიერ სებ-ში წარდგენილი ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ივლისის ბოლოსთვის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 66.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.29%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით. სესხების ეს მოცულობა წლიურ ჭრილში 15%-ით არის გაზრდილი. ამასთან, ივლისში სესხებში ლარის წილი 0.69 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მან 57.61%-ს მიაღწია.
ეროვნული ბანკის თანახმად, ივლისში წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 388.70 მლნ ლარით (1.03%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 511.03 მლნ ლარით (1.79%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.68%-ით).
"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის ივლისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.79 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.06% -ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 18.81 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.53%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.44 %-ით ნაკლები).
2025 წლის ივლისის განმავლობაში 0.94% -ით, ანუ 318.69 მილიონი ლარით გაიზარდა
რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივლისის ბოლოსათვის 34.21 მილიარდი ლარი შეადგინა.
2025 წლის ივლისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.61% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.693 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.42 პროცენტული პუნქტით),"- ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.




























