მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს ბანკი", სომხეთის შემდეგ, უცხოეთში სხვა ბანკის შეძენასაც განიხილავს

არჩილ გაჩეჩილაძე

"საქართველოს ბანკი" სომხეთის შემდეგ, უცხოეთში სხვა ბანკის შეძენასაც განიხილავს - ამის შესახებ „საქართველოს ბანკისა“ და Lion Finance Group-ის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ „საქმიან დილასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯგუფის საერთაშორისო გაფართოების დინამიკასა და სტრატეგიულ პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კვლავ აქტიურად სწავლობენ სხვადასხვა შესაძლებლობას რომ ბალტიის, სამხრეთ ევროპის თუ ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყანაში უნივერსალური სერვისების მიმწოდებელი ბანკი შეისყიდონ. როგორც გაჩეჩილაძე ამბობს, თუკი ბაზარზე შესაბამისი წინადადება გამოჩნდება, მას აქტიურად განიხილავენ და შესაბამისი ფასის შეთავაზებისთვისაც მზად არიან.

ამასთან, არჩილ გაჩეჩილაძე 2024 წელს სომხეთის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის Ameriabank-ის შეძენას წარმატებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ Lion Finance Group-ის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი ზრდით სწორედ ის გამოირჩევა.

როგორც არჩილ გაჩეჩილაძე ინტერვიუში აღნიშნავს, მათ მონაწილეობა მიიღეს მალტაში, ყოფილი HSBC ბანკის შვილობილის გაყიდვასთან დაკავშირებულ კონკურსში, თუმცა აღნიშნულ პროცესში სხვა ბანკმა უფრო მაღალი საფასური დააფიქსირა.

"ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ ვაგრძელებთ ისეთი ტიპის შესაძლებლობების ძებნას, ანუ ბანკების შეძენის შესაძლებლობებს. ამას აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში და ასევე შუა აზიაში ვეძებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დიდი ბანკი იყოს, რომელიც ასე ვთქვათ, იმ ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი იქნება და მოსახლეობის დიდი მოცვა უნდა ჰქონდეს. ეს ძირითადი ბანკის, უნივერსალური საბანკო შეთავაზების და ძირითადი ბანკის იდეა არ იცვლება. შესაბამისად, ჩვენ არ გვინდა, რომ ვიყოთ გერმანიაში 37-ე ბანკი, მაგრამ ჩვენ შეიძლება გვინდოდეს პატარა ქვეყანაში ვიყოთ ტოპ-3 ბანკი. და შესაბამისად, ეს იმ ფილოსოფიით გვინდა გავაკეთოთ, რომლითაც ჩვენი ორგანიზაციის განვითარება მოხდა.

რაც საჯაროა და ამაზე საუბარი შეგვიძლია, ეს მალტაში იყო, მეორე ბანკზე გავაკეთეთ ბიდი, რომელიც HSBC-ს ეკუთვნოდა და წავაგეთ. იქ სხვა ორგანიზაციამ მეტი თანხა გადაიხადა და შესაბამისად, ჩვენ აღარ ვიყიდეთ. მაგრამ ეს კარგი მაგალითია იმისა, რომ მალტა ცოტა იქით, არის ასე ვთქვათ სამხრეთ ევროპას ეკუთვნის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ასე ვთქვათ მოხვდა ჩვენს რადარზე. ასე რომ ძიება გაგრძელდება და შეიძლება მომავალში ამ ტიპის ტრანზაქციებს ველოდოთ", - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე.

აღნიშნულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით ცნობილია, რომ მალტაში HSBC-ის შვილობილის 70% 200 მილიონ ევროდ ბერძნულმა Crediabank-მა შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები