მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა 120-ზე მეტმა სკოლამ მიიღო

სტემ ოლიმპიადა
25.01.24 12:00
1088
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი განაგრძობს ახალგაზრდების STEM მეცნიერებით დაინტერესებისა და მათში მომავლის პროფესიების პოპულარიზაციისკენ მიმართული აქტივობების განხორციელებას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით, STEM ოლიმპიადის პირველი, თეორიული ტური საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

ოლიმპიადაში მონაწილეობა 120-ზე მეტმა სკოლამ და 700-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. პირველი ტურის ფარგლებში, თითო სკოლის სახელით, თითო გუნდი ასპარეზობდა. მოსწავლეებმა მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში გაიარეს ტესტირება.

ფინალისტების ვინაობა ერთ კვირაში გახდება ცნობილი. ისინი ერთმანეთს მაისში, ფინალში, პრაქტიკულ ტურში შეეჯიბრებიან.

შემდეგ ეტაპამდე მოსწავლეები და გუნდის მენტორები კომაროვის პროფესიონალებთან ელექტროინჟინერიისა და არდუინოს დაპროგრამების კურსს გაივლიან, რაც მათ დაეხმარება, თეორიული ცოდნა შეიძინონ და ფინალური ტურისთვის საჭირო უნარები გამოიმუშაონ.
„საქართველოს ბანკში გვჯერა განათლების და ახალგაზრდების უსაზღვრო შესაძლებლობების. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვუჭერთ მხარს მოსწავლეებში STEM მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას და მათში მომავალი პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავებას. ამ მიზნით, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ამ მიმართულებით, STEM ოლიმპიადა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომლის პირველი ტურიც წელს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. ოლიმპიადაში მონაწილეობა 120-ზე მეტმა სკოლამ მიიღო. ჩვენი ინიციატივის მიმართ გამოვლენილი მაღალი ინტერესი და დადებითი უკუკავშირი თვალნათლივ გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალგაზრდების განვითარებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები