მცირე მეწარმე შოთა მნათობიშვილი, რომელიც დედოფლის წყაროს რაიონ სოფელ არხილოსკალოში მემარცვლეობით, მესაქონლეობითა და მევენახეობით არის დაკავებული და ამას გარდა ნუშის, ფისტას და მარწყვის ბაღებს ფლობს, პროდუქტის ექსპორტს და ნუშის გადამმუშავებელი საწარმოს აშენებას გეგმავს.
მეწარმეს ხორბალი 300 ჰექტარზე, ფისტას და ნუშის ბაღები 120 ჰექტარზე, ხოლო მარწყვი 3 ჰექტარზე, ვენახი კი 20 ჰექტარზე აქვს გაშენებული.
როგორც შოთა მნათობიშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, ამ დროისთვის ყველა კულტურის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს, თუმცა მისი შეფასებით, მსოფლიოში ნუშზე და ფისტაზე მაღალი მოთხოვნის გამო, ექსპორტს ევროპისა და მეზობელი ქვეყნების მიმართულებით დაიწყებს.
რაც შეეხება ნუშის გადამმუშავებელი საწარმოს აშენების იდეას, მეწარმის თქმით, ეს შემოსავლის მოცულობას გააორმაგებს და საწარმოს ხარჯზე ნედლეულის ჩაბარებას ადგილობრივი ფერმერებისგანაც დაიწყებენ.
„მრავალფეროვანი ბაღი მაქვს, რომელიც მარცვლეულ კულტურას, მევენახეობას, ნუშისა და ფისტას ბაღებს აერთიანებს. მაქვს ხეხილიც და თითოეული პროდუქტის რეალიზაციას ადგილზე ვახდენ. ამ კულტურებს შორის ფისტა სიახლეა. ძალიან პერსპექტიული და შემოსავლიანი კულტურაა, ამასთან, მსოფლიოში ფისტას და ნუშის დეფიციტია, შესაბამისად, ექსპორტის ნებისმიერი მიმართულებით განხორციელება შეიძლება. ვფიქრობ, ფერმერები ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ და ის პროდუქტი ვაწარმოოთ, რაც ყველგან არ მოდის და დეფიციტშია.
რაც შეეხება გეგმებს, ექსპორტისთვის მზადებას ვიწყებთ. ჯერ კონკრეტული მიმართულება შერჩეული არ არის, თუმცა ნუში და ფისტა იმდენად დეფიციტურია, რომ მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იქნება. დიდი ალბათობით საექსპორტოდ ევროპასა და მეზობელ ქვეყნებს შევარჩევთ. გარდა ამისა, ნუშის გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობასაც ვაპირებთ. ეს შემოსავალს გაგვიზრდის და ფერმერებისგან ნედლეულის ჩაბარებასაც შევძლებთ“ - ამბობს მეწარმე.
პროექტის ჯამური ღირებულება, რომელიც რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს, 5 000 000 ლარია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეწარმემ ბაღების გაშენება „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შეძლო. ბანკის ინვესტიციამ ჯამში 2 600 000 ლარი შეადგინა.
შოთა მნათობიშვილი განმარტავს, რომ ბანკმა რეგიონში აგრო მიმართულების პროექტების დაფინანსების ფარგლებში მხარდაჭერა მეწარმესაც გაუწია და მასზე მორგებული პირობები შესთავაზა.
„საქართველოს ბანკი ყველა ეტაპზე მხარში მედგა. პირველად მათი დაფინანსებით 20 ჰექატრზე ვენახი გავაშენე, მოსავლის აღების შემდგომ კი ვალდებულება უპრობლემოდ დავფარე. ამასთან, ბანკის დახმარებით ახალი მიმართულებაც ავითვისე და ესპანური ნუშის ბაღები გავაშენე, კრედიტის დაფარვა 5 წლიან პერიოდში მოხდება. „საქართველოს ბანკთან“, როგორც სანდო პარტნიორთან, თანამშრომლობას სამომავლოდაც გავაგრძელებთ“ - აღნიშნავს მეწარმე.
ცნობისთვის: დედოფლის წყაროს რაიონში მდებარე მეურნეობა სეზონურად 60-მდე ადამიანს ასაქმებს, ყოველდღიურად კი ბაღებში 20 ადამიანი მუშაობს.




























