Galt & Taggart-ის სოფლის მეურნეობის დარგის მიმოხილვის მიხედვით, სოფლის მეურნეობაში შინამეურნეობების წილი დიდია. სექტორში არსებული 2,700 კომპანიიდან მხოლოდ 7 არის მსხვილი და 32 საშუალო ზომის, რაც სექტორის გამსხვილების პოტენციალზე მიუთითებს. ბიზნესის ზრდის პოტენციალი მაღალია ყველა ქვესექტორში როგორც შინამეურნეობების ჩანაცვლების, ასევე კომპანიების გამსხვილების და ახალი საწარმოების შექმნის ხარჯზე.
აგროსექტორში შინამეურნეობების მაღალი მაჩვენებლის უარყოფით მხარეებსა და დარგის განვითარებაში შინამეურნეობების გამსხვილების, კოოპერატივების შექმნის მნიშვნელობაზე გადაცემა #რედაქტ2-ში კომპანია “აგრო-1959” მმართველმა პარტნიორმა გელა ხანიშვილმა ისაუბრა.
მას მაგალითად აშშ-სა და ევროკავშირში კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქტის მოცულობები მოჰყავს: “თუ ამერიკის ან ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს ავიღებთ, სოფლის მეურნეობის პროდუქციის 40%-ზე მეტი კერძო სექტორი - ბიზნესი აწარმოებს, დანარჩენი - 60% კოოპერატივების მიერაა წარმოებული”. და თვლის, რომ ქვეყანაში კოოპერატივების შექმნისთვის სახელმწიფოს გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება.
“ეს ის მიმართულებაა, რომელშიც სახელმწიფოს გაცილებით მეტი ძალისხმევის ჩადება სჭირდება ფინანსურადაც და ადმინისტრაციული რესურსის თვალსაზრისითაც. სამწუხაროდ, საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამომდინარე კოოპერატივების კუთხით ცუდი გამოცდილება აქვს. ძალიან ცუდად გვაქვს დარჩენილი მიწის მესაკუთრეობა და მიწის 1-2-3 ჰა-ებად დანაწევრება. ეს ხელს უშლის ინდუსტრიული, ბიზნეს სოფლის მეურნეობის განვითარებას. არ შეიძლება ერთ ჰა-ზე პროდუქტის მომყვანს ევროკავშირის ბაზარზე გაყვანაზე ესაუბრო, შეუძლებელია. ამიტომ ეს ძალიან მძიმე ფაქტორია. ქართულ აგრარულ სექტორში ბიზნეს-მეურნეობის ხვედრითი წილი სულ 5-7%-ია”, - ამბობს ბიზნესმენი, რომელიც გორში, სოფელ რუისში 100 ჰა-ზე სხვადასხვა კულტურები მოჰყავს.
გელა ხანიშვილი “გალტ ენდ თაგარტის” კვლევასაც ეხება, სადაც აღნიშნულია, რომ სოფლის მეურნეობის გარკვეულ მიმართულებებში ბიზნესის წილი მაღალია და ბიზნესის 7%-იან წილსაც სწორედ ეს მიმართულება განსაზღვარვს.
“მეფრინველეობაშია ბიზნესების რაოდენობა მეტია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარტოფილის მოყვანაშია ეს დაბალანსებული. ჩვენ გვჭირდება შესანახი მეურნეობები, კოოპერატივები, გამსხვილება, რომ ფერმერმა თავისი შრომის ადექვატური სარგებელი მიიღოს”, - აცხადებს ხანიშვილი.
#რედაქტ2-ის კითხვაზე - რა სარგებლის მომტანია კოოპერატივების შექმნა და შინამეურნეობების გამსხვილება თითოეული მესაკუთრისთვის, ბიზნესმენი მაგალითის საფუძველზე ხსნის და ამბობს, რომ კოოპერატივებში შესვლით მიწის მესაკუთრეებს სხვადასხვა სარგებლის მიღება შეუძლიათ.
“მაგალითისთვის გეტყვით 1 ჰა-ზე კომბოსტო, რომ მოიყვანო დაახლოებით 10 000 ლარის ხარჯი უნდა გასწიო - მოვლა, წვეთოვანი სისტემა და ა.შ. ორი მაჩვენებელია გასაუმჯობესებელი - ჰექტარზე მოსავლიანობა, რადგან საშუალოდ 50-60 ტონას იღებ და 100-120 ტონის მიღება შეგიძლია და მეორე - შეამცირო თვითღირებულება, მაგრამ დაგიჯდათ 10-15 თეთრი, რა ფასადაც გაყიდვა ფერმერს არ უნდა. მაგრამ როდესაც სხვადასხვა შინამეურნეობის მფლობელს კომბოსტოს გაყიდვა უნდა ფასების დაგდება იწყება და ხშირად თვითღირებულებაზე ქვემოთ ჩამოდიან, რაც სოფლის მეურნეობის მდგრადობის მიმართ ნიჰილიზმს აჩენს და ფერმერი მოგებას ვერ იღებს. გაერთიანების შემთხვევაში კოოპერატივი ფასებს აკონტროლებს და სულ სხვა მეთოდიკა მუშაობს. კოოპერატივი, რომელიც გაყიდვაზე ზრუნავს ინარჩუნებს ბაზარზე ფასს და ფერმერს აქვს სარგებელი - თავის დანახარჯს იღებს, რეალურ მოგებას იღებს და ზემოგებას ღებულობს იმ თვალსაზრისით, რომ საქონელი სხვადასხვა პერიოდში გაყიდა. ანუ შესანახი მეურნეობა გვქონდა, შეინახა და ა.შ. ეს ინდივიდუალურად ვერ კეთდება და ამასთან დაკავშირებით ჩემს სოფელში ხშირად ვსაუბრობ”, - განმარტავს “აგრო-1959”-ის მმართველი პარტნიორი.