„საქართველოს და თბილისს, ქალაქში ელექტრო ავტობუსების შემოყვანის ფუფუნება დღეს არ აქვს“ - ასე უპასუხა თბილისის მერმა BM.GE-ს კითხვას, რომელიც დედაქალაქში პირველი ელექტრო ავტობუსის სატესტო რეჟიმში დანიშვნის მიზნებსა და ქალაქში ელექტრო ავტობუსების შემოყვანის კუთხით არსებულ გეგმებს შეეხებოდა.
კახა კალაძემ მომდევნო წლებში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გათვალისწინებით დედაქალაქში ელექტრო ავტობუსების შემოყვანა არ გამორიცხა, თუმცა კონკრეტული არაფერი უთქვამს.
თბილისის მერმა განმარტა, რომ დედაქალაქმა „თეგეტა ჰოლდინგს“ სატესტო რეჟიმისთვის ელექტრო ავტობუსის შემოყვანა სთხოვა.
„თეგეტა მოტორს“ ვთხოვეთ, თუ შესაძლებლობა ჰქონდა ელექტრო ავტობუსი სატესტო რეჟიმისთვის შემოეყვანა, რათა გვენახა - როგორ ადაპტირდებოდა ელექტრო ავტობუსი ჩვენს რეალობაში.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მთელი მსოფლიო ამ მიმართულებით მიდის და ელექტრო ავტობუსებზე ნელ-ნელა გადადიან. თუმცა ჩვენზე განვითარებული ქვეყნები და ძლიერი ეკონომიკები მთლიანად საავტობუსე პარკის ელექტრო ავტობუსებით ჩანაცვლებას ვერ ახერხებენ, რადგან ეს ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, საქართველოს და თბილისს, ქალაქში ელექტრო ავტობუსების შემოყვანის ფუფუნება დღეს არ აქვს. თუმცა დარწმუნებული ვარ, იმ ეკონომიკური განვითარებით, მშვიდობით და სიმშვიდის შენარჩუნებით ქვეყანაში მომდევნო წლებში ესეც შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა ღამის ავტობუსის დანიშვნის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა: „თუ ამის აუცილებლობა იქნება, შეგვიძლია ესეც გავაკეთოთ, თუმცა დღევანდელი მონაცემებით ეს აუცილებელი არ არის“.
რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც დიდი დიღმის და მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის N321 მარშრუტზე ელექტრო ავტობუსი გადაადგილდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ელექტრო ავტობუსი აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრებს 15 დეკემბრამდე მოემსახურება.