მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ეკონომიკა კრიზისებს საკმაოდ კარგად უმკლავდება - კობა გვენეტაძე

62a0a393eff68
შოთა ტყეშელაშვილი
08.06.22 17:43
871
დღეს მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გაზარდა. 2022 წლის მარტში მსოფლიო ბანკმა საქართველოს ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 2.5%-მდე შეამცირა, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს უკავშირდებოდა, თუმცა ორგანიზაციამ ახლა ზრდის მოლოდინი კვლავ ომამდელ ნიშნულამდე გაზარდა. ამ ფაქტს გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, რომელმაც განაცხადა, რომ “საქართველოს ეკონომიკა კრიზისებს საკმაოდ კარგად უძლებს.”

“დღევანდელი სიტუაცია არის სავსე მოულოდნელობებით. ანუ გაურკვევლობის დონე საკმაოდ მაღალია, არამხოლოდ საქართველოს ვგულისხმობ, არამედ რეგიონს, ზოგადად გლობალურ სიტუაციას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ როდესაც მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე ვმუშაობდით, სებ-ს თავდაპირველი ზრდის პროგნოზი 5% ჰქონდა. ეს იყო რუსეთ-უკრაინის ომამდე. შემდეგ ეს შევამცირეთ დაახლოებით 3.5%-მდე, შემდეგ კი გავზარდეთ და ახლა ვფიქრობთ, რომ 4.5% იქნება. რაზე მეტყველებს ეს? -  რეგიონში და ასევე მსოფლიოში სიტუაცია საკმაოდ სწრაფად იცვლება, რაც პროგნოზების გადახედვის აუცილებლობას ქმნის.

საქართველო აჩვენებს, რომ მიუხედავად სხვადასხვა კრიზისისა - იქნება ეს პანდემია თუ რუსეთის აგრესიული შეჭრა უკრაინაში, საქართველოს ეკონომიკა ამ გამოწვევებს საკმაოდ კარგად უმკლავდება. ანუ ის ამ გართულებების მიმართ მედეგია. არაა გამორიცხული ჩვენც რაღაც პერიოდში კიდევ გადავხედოთ ზრდის მაჩვენებელს, რომელიც გვაქვს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ქვეყანას აქვს სრული საშუალება, რომ ის ამ გამოწვევებს გაუმკლავდეს და ნამდვილად კარგია, რომ მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 2022 წლისთვის ზრდის მიმართულებით გადახედა”, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები