მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად და დაბალანსებულად ვითარდება" - თურნავას ანალიზი

ნათია თურნავა კაბინეტში

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად და დაბალანსებულად ვითარდება. განაცხადა თურნავამ ეროვნულ ბანკში, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

თურნავამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და მაღალი ეკონომიკური ზრდის მიზეზები მიმოიხილა.

სებ-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ მთავარი ამოსავალი წერტილი არის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება.

„საქართველოს ეკონომიკა ვითარდება სტაბილურად, დაბალანსებულად, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანაფარდობა ძლიერი, მაღალი ეკონომიკური ზრდის და მიზნობრივზე მეტად დაბალი ინფლაციის. არცთუ ისე ბევრი ქვეყანაა, მათ შორის განვითარებული სახელმწიფოები, სადაც ასეთი თანაფარდობა არის მიღწეული. ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება. საზოგადოებამ იცის, რომ როგორც კი ხდება აუცილებელი ეროვნული ბანკის მყისიერი რეაგირება, ამ თვალსაზრისით იმისთვის, რომ ფინანსური სტაბილურობა განვამტკიცოთ, ჩვენ ამას ყოველთვის ვაკეთებთ. ამ ეტაპზე გვაქვს რა, ასეთი სტაბილური, მდგრადი განვითარების სურათი, მიგვაჩნია, რომ სტატუს ქვო უნდა შევინარჩუნოთ, ამდენად, ჩვენც სტატუს-კვოს ვინარჩუნებთ მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით. ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ეტაპობრივი შემსუბუქების პოლიტიკა გვქონდა გაცხადებული და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ნიშნულიდან, 11%-დან რეფინანსირების განაკვეთი ჩამოვიყვანეთ 8%-მდე. ასევე, ჩვენ გამოქვეყნებული გვაქვს, რომ დღეის მონაცემებით, ჩვენი ე.წ. ნეიტრალური განაკვეთი არის 7%, საითკენაც ეტაპობრივად ვისწრაფვით. ახლა ვდგავართ 8%-ზე, თითქმის მივუახლოვდით და უფრო ნელი ბიჯებით გავაგრძელებთ ამ ცვლას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ისევ და ისევ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ყველა გლობალური რისკი, რომელიც არსებობს, ეს გლობალური რისკები არსებობს როგორც რეგიონში, ასევე მთლიანად მსოფლიოში. ნათია თურნავას განცხადებით, გლობალური რისკები აისახება იმპორტული საქონლის ფასებთან დაკავშირებულ გაურკვევლობაში, არის ძალიან მაღალი ვოლატილობა, მაღალი მერყეობა ნავთობის ფასების გლობალურ ბაზრებზე, ასევე მაღალი მერყეობა სასურსათო ნედლეულის ფასებზეც.

„ჩინეთიდან ტრანსპორტირების ფასები გაიზარდა, რაც ასევე საყურადღებო ფაქტორია და ჩვენ აქედან გამომდინარე ვიჩენთ მეტ სიფრთხილეს. ასევე, შიგნითაც ჩვენ ვხედავთ, რომ არის მაღალი ეკონომიკური ზრდა, ეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა არის განპირობებული მაღალი მოხმარებით, ხოლო მაღალი მოხმარება განპირობებულია საკმაოდ აქტიური საკრედიტო მოქმედებებით, სესხების ზრდის ტემპი არის შედარებით მაღალი, 18-19%, თუმცა მდგრადი. ამავდროულად, უნდა აღვნიშნოთ, რომ პარალელურად მოქმედებს შიდა ინფლაციის შემაკავებელი ფაქტორები, რომელიც ანეიტრალებს სწრაფ ზრდას. პირველ რიგში ეს არის ეკონომიკის პროდუქტიულობის არსებითი ამაღლება. ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესება, რომელიც თავის მხრივ ანეიტრალებს და ამსუბუქებს გაზრდილი მოხმარების ზეწოლას ინფლაციის თვალსაზრისით და მეორე ფაქტორი, რომელიც პროდუქციის თვითღირებულებაზე მოქმედებს, არის გაზრდილი კონკურენცია ფირმებს შორის. თუ გადახედავთ ბოლო წლებში ახალი ფირმების რეგისტრაციის მაჩვენებელს, ის გაზრდილია, კონკურენცია გაზრდილია. მიუხედავად იმისა, რომ ხელფასი და ხელფასის კომპონენტი მუდმივად იზრდება, ეს არ იწვევს ფასების თვითღირებულების მომატებას სწორედ იმის გამო, რომ კონკურენციის ფონზე იკლებს მოგების მარჟები ფირმებში. ამ კუთხითაც ჩვენ ვხედავთ გარკვეულ გამანეიტრალებელ მოქმედებებს. ამის გათვალისწინებით, ჩვენი პროგნოზი წლის ბოლომდე სხვა თანაბარ პირობებში არის წლიური ინფლაცია 1,9%, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მივუახლოვდებით მიზნობრივ 3%-ს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკურ მდგომარეობაზე იყო საუბარი პრესრელიზში, რომელიც სებ-მა გამოაქვეყნა:

„საგარეო ფაქტორების მიღმა, შიდა ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე ძლიერია. აღნიშნულს გაზრდილი საკრედიტო აქტივობაც ასტიმულირებს, რომლის მთავარი მამოძრავებელი შიდა მოთხოვნაა. თუმცა ამ ეტაპზე ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალიც გაზრდილია, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას ამცირებს“, - წერია სებ-ის პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები