მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკის ზრდის „რუსული ეფექტი“ სულ უფრო მცირდება - ხიშტოვანი ფულადი გზავნილების კლებაზე

გიორგი ხიშტოვანი

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის შეფასებით, ფულად გზავნილებში რუსეთიდან მიგრაციის ეფექტი პრაქტიკულად ამოწურულია.

როგორც გიორგი ხიშტოვანმა BMG-ის განუცხადა, რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვების კლების მიზეზი შესაძლოა, ორი გარემოება იყოს. პირველი - მიგრანტების დიდმა ნაწილმა საქართველო უკვე დატოვა, მეორე - საქართველოში დარჩენილი მიგრანტების ნაწილი რუსეთიდან ფულად გადმორიცხვებზე დამოკიდებულები აღარ არიან და შემოსავალს სხვა ქვეყნებიდან იღებენ.

მისივე თქმით, საბოლოოდ, რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვების კლების ტენდენცია მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებშიც აისახება.

„ის დინამიკა, რაც წლის განმავლობაში ფულად გზავნილებში იკვეთება, გვეუბნება იმას, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის „რუსული ეფექტი“ სულ უფრო და უფრო მცირდება. ფულადი გზავნილების დინამიკა გვაჩვენებს, რომ ზრდა გვაქვს აშშ-დან, იტალიიდან, მაგრამ თუ შევხედავთ რუსეთს, ვნახავთ, რომ მკვეთრი კლება გვაქვს. შესაბამისად, ეს იყო ერთჯერადი მნიშვნელოვანი მატება ბოლო ორი წლის განმავლობაში, რომელიც დამთავრდა. შესაბამისად, ფულადი გზავნილების დინამიკა სტანდარტულ მდგომარეობას დაუბრუნდა. რუსეთის ეს ორწლიანი „გადახრა“ დასრულდა და ეს აისახა ფულად გზავნილებზე და რაღაც ეტაპზე, ასევე აისახება და უკვე აისახა გარკვეულწილად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე.

ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირების მიზეზი. შესაძლოა, ეს იმითაა განპირობებული, რომ ის რუსები, რომლებიც საქართველოში რჩებიან და შემოსავალს რუსეთიდან იღებდნენ, ახლა სხვა ქვეყანაში არიან დისტანციურად დასაქმებულები და უკვე იქიდან იღებენ გზავნილებს. თუმცა რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირების მიზეზი ასევე, შესაძლოა, იყოს ის, რომ რუსმა მიგრანტებმა საქართველო უკვე დატოვეს. შესაბამისად, ისინი აქ აღარ დახარჯავენ იმ თანხებს და აღარ შექმნიან ქვეყნის ეკონომიკაში იმ მოთხოვნას, რასაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ადგილი ჰქონდა. შესაბამისად, ამას საქართველოს ეკონომიკაზე შენელების კუთხით ეფექტი ექნება“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

ცნობისთვის, 2024 წლის 10 თვეში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ 2.8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 731 მილიონი დოლარით, ანუ 21%-ით შემცირებული მაჩვენებელია. მათ შორის, რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 480 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მკვეთრი, 65%-იანი კლებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები