PMC ეკონომიკური ცენტრის მკვლევრის, გოჩა ქარდავას შეფასებით, ფულად გზავნილებში რუსეთის წილის კლება მიგრაციის ეფექტის შემცირებას უკავშირდება.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველომ რუსი მიგრანტების დიდი რაოდენობა მიიღო, რამაც რუსეთიდან ფულადი გზავნილები რეკორდულად გაზარდა. 2024 წელს კი ქვეყანაში ფულადი გზავნილების კლება ფიქსირდება, რაც რუსეთიდან გზავნილების ვარდნა განპირობებული.
როგორც გოჩა ქარდავამ BMG-ის განუცხადა, რუსეთიდან გზავნილების კლება პირდაპირ იმას არ ნიშნავს, რომ მიგრანტების დიდმა ნაწილმა საქართველო დატოვა. თუმცა მისი თქმით, ეს გარემოება იმაზე ნამდვილად მიუთითებს, რომ მიგრანტების მხრიდან საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით გაწეული ხარჯები შემცირდა, რასაც თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკაზე გარკვეული ნეგატიური გავლენა ექნება.
„რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთიდან ფულადი გზავნილები მკვეთრად გაიზარდა და ეს თავდაპირველად ეკონომიკაზე დადებითად მოქმედი შოკი იყო. თუმცა თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს მოკლევადიანი იქნებოდა და რაღაც დროის შემდეგ კლებას დაიწყებდა. შესაბამისად, მოსალოდნელი იყო, რომ რაღაც დროის შემდეგ რუსეთიდან ფულადი გზავნილები ისევ ძველ მაჩვენებელს დაუბრუნდებოდა. სწორედ ეს მოხდა 2024 წელს, რუსეთმა დაკარგა დომინანტი პოზიცია გზავნილებში და ამ მიმართულებით გასულ წელს კლება 65% იყო.
ფულადი გზავნილების კლება პირდაპირ იმაზე არ მიუთითებს, რომ მიგრანტებმა საქართველო დატოვეს. უბრალოდ, როდესაც უცხო ქვეყანაში მიდიხარ, იმ თანხის მოცულობა, რომელიც გჭირდება, თუნდაც უძრავი ქონების შესაძენად, თავდაპირველ პერიოდში უფრო მაღალია, ვიდრე მომდევნო პერიოდში. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მსგავსი დიდი მოცულობის შენაძენების რაოდენობამ დაიკლო.
როდესაც რუსეთიდან ფულადი გზავნილები მკვეთრად გაიზარდა, ამან გავლენა იქონია ადგილობრივი მოთხოვნის ზრდაზე. განსაკუთრებით ეს იყო უძრავი ქონების შემთხვევაში. ეს კლება კი ადგილობრივ მოთხოვნას შეამცირებს და ამის გავლენა ეკონომიკაზე უარყოფითი იქნება. კარგია ის, რომ ეს კლება ეტაპობრივი იყო და მისი გავლენა ისეთი უარყოფითი არ იქნება, როგორიც იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ეს ერთიანად შეწყდებოდა”, - განაცხადა გოჩა ქარდავამ.
ცნობისთვის, 2024 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების ნაკადების სახით 3.4 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, რაც 2023 წელთან შედარებით 785 მილიონი დოლარით, ანუ 19%-ით ნაკლები იყო.
გასულ წელს 65%-ით, ანუ 987 მილიონი დოლარით შემცირდა ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან, რაც მიგრაციული ტალღის შემცირებაზე მეტყველებს. შედარებისთვის, 2021 წელს, ანუ უკრაინაში შეჭრამდე, რუსეთიდან საქართველოში 411 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, 2022 წელს ეს თანხა $2 მილიარდამდე გაიზარდა, 2023-ში $1.5 მილიარდამდე შემცირდა, 2024-ში კი მხოლოდ 411 მილიონი იყო.