2024 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების ნაკადების სახით 3.4 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, რაც 2023 წელთან შედარებით 785 მილიონი დოლარით, ანუ 19%-ით ნაკლები იყო.
ქვეყნების მიხედვით, გზავნილებში პირველ ადგილს აშშ იკავებს, საიდანაც გასულ წელს 573 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, ეს თანხა 2023 წელთან შედარებით 24%-ით მეტი იყო. მეორე პოზიციაზეა იტალია 567 მილიონი დოლარის გზავნილებით, საიდანაც შემოსული ფულადი ნაკადები 8%-ით გაიზარდა. როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე იტალია უცხოეთში საქართველოს მოქალაქეთა დასაქმების უმსხვილეს ცენტრებს წარმოადგენს, გზავნილების მატება, განსაკუთრებით კი აშშ-დან ამ ქვეყანაში ქართული ემიგრაციის ზრდაზე მიანიშნებს.
2024 წელს 65%-ით, ანუ 987 მილიონი დოლარით შემცირდა ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან, რაც მიგრაციული ტალღის შემცირებაზე მეტყველებს. შედარებისთვის, 2021 წელს, ანუ უკრაინაში შეჭრამდე, რუსეთიდან საქართველოში 411 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, 2022 წელს ეს თანხა $2 მილიარდამდე გაიზარდა, 2023-ში $1.5 მილიარდამდე შემცირდა, 2024-ში კი მხოლოდ 411 მილიონი იყო.
267 მილიონი დოლარი გადმორიცხეს 2024 წელს გერმანიიდან, რაც წლიურად 15%-ით არის გაზრდილი, საბერძნეთიდან გზავნილებმა 7%-ით, 263 მილიონ დოლარამდე იმატა, ისრაელიდან გზავნილები კი 249 მილიონი დოლარი იყო.
2024 წლის ფულადი გზავნილების სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით
| # | ქვეყანა | გადმორიცხული თანხა (მლნ დოლარი) | ზრდა/კლება 2023 წელთან შედარებით |
| 1 | აშშ | $573 მლნ დოლარი; | 24% |
| 2 | იტალია | $567 მლნ დოლარი; | 8% |
| 3 | რუსეთის ფედერაცია | $541 მლნ დოლარი; | -65% |
| 4 | გერმანია | $267 მლნ დოლარი; | 15% |
| 5 | საბერძნეთი | $263 მლნ დოლარი; | 7% |
| 6 | ისრაელი | $249 მლნ დოლარი; | 16% |
| 7 | ყაზახეთი | $117 მლნ დოლარი; | -41% |
| 8 | თურქეთი | $101 მლნ დოლარი; | -11% |
| 9 | ყირგიზეთი | $73 მლნ დოლარი; | 49% |
| 10 | ესპანეთი | $70 მლნ დოლარი; | 13% |
| 11 | ირლანდია | $65 მლნ დოლარი; | 33% |
| 12 | საფრანგეთი | $60 მლნ დოლარი; | 11% |
| 13 | გაერთიანებული სამეფო | $48 მლნ დოლარი; | 3% |
| 14 | აზერბაიჯანი | $44 მლნ დოლარი; | -6% |
| 15 | პოლონეთი | $34 მლნ დოლარი; | 10% |
| 16 | კანადა | $26 მლნ დოლარი; | 2% |
| 17 | არაბთა გაერთიანებული საამიროები | $21 მლნ დოლარი; | 16% |
| 18 | კვიპროსი | $20 მლნ დოლარი; | 3% |
| 19 | ნიდერლანდები | $18 მლნ დოლარი; | 4% |
| 20 | იორდანია | $16 მლნ დოლარი. | 48% |
წყარო: სებ




























