საქართველოს ეკონომიკისთვის კარგი წელი იქნება, თუმცა არსებობს ბევრი საგარეო და საშინაო ფაქტორი, რომელიც ამ საკითხზე გავლენას მოახდენს, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თამჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, სადაც 2023 წლის მოლოდინებზე ისაუბრა.
„ზოგადად, მე მიმაჩნია, რომ კარგი 2023 გვექნება. ბიუჯეტი არის კონსერვატიულად დაგეგმილი, 5%-იანი ზრდა გვაქვს ჩადებული, თუმცა არის ძალიან ბევრი საშინაო და საგარეო ფაქტორი, რომელიც ვფიქრობ, რომ საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს.
გარე ფაქტორებიდან ოთხ საკითხს დავასახელებ, რომ უფრო ნათელი გახდეს, რაზე ვსაუბრობთ - პირველ რიგში რუსეთ-უკრაინის ომი, ეს ჩემი აზრით პირველი ფაქტორია, შემდეგი არის ენერგომატარებლები და ძირითადი ფასები მათზე, ასევე ცენტრალური ბანკების - ფედერალური ბანკის, ევროპის ცენტრალური ბანკის, ინგლისის და იაპონიის ბანკის მიმართულებები, ანუ გაამკაცრებენ თუ არა ფულად საკრედიტო პოლიტიკას და ბოლოს, რა ეკონომიკური ზრდა ექნება ჩინეთს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთში ჯერ-ჯერობით დაბალი ეკონომიკური ზრდაა.
რაც შეეხება საშინაო ფაქტორებს - ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, ამაზე სულ მექნება კოორდინაცია და არამარტო კოორდინაცია, არამედ მკაცრი კონტროლიც, ასევე მკაცრი ფულადსაკრედიტო პოლიტიკა და ინფლაციის შემცირება. მე არ გამოვრიცხავ, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაც საჭირო იყოს, შემდეგი ფაქტორი იქნება ინფრასტრუქტურული და ენერგოპროექტების განხორციელება, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა - აი, ეს არის ფაქტორები, რომელიც მგონია, რომ გავლენას მოახდენს და რომელსაც აქვს წინაპირობა, რომ განხორციელდეს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
მისივე ცნობით, საქართველოს ეკონომიკისთვის 2022 წელიც დადებითი აღმოჩნდა, რადგან ქვეყანამ ორ ნიშნა ეკონომიკური ზრდა მიიღო - გაიზარდა უცხოური ინვესტიციები, სავაჭრო ბრუნვა, ექსპორტი, დასაქმების მაჩვენებელი და შემცირდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი მონაცმებით, საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე (PPP) 19.79 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში 74-ე ადგილზეა. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასებების მიხედვით ქვეყნის პოზიციები ამ დროისთვის ასე გამოიყურება: S&P – BB/B სტაბილური, Fitch – BB სტაბილური, Moody’s – Ba2 ნეგატიური.




























