ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა წარმატებულია. მან ამის შესახებ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია. თუ ეკონომიკურ მაჩვენებლებს შევხედავთ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკამ და ზოგადად პოლიტიკამ თავისი წარმატებულობა დაამტკიცა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს მთელი ევროპის მასშტაბით, ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3%-ს შეადგენს 2021 წლიდან. მიმდინარე წელიც საკმაოდ კარგი ნიშნულიდან დავიწყეთ: 8.4% იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში. ეს არის ჩვენი ხედვა - მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში და უზრუნველვყოთ ეკონომიკური წინსვლა და დაკავშირებადობა. ამ მიდგომითა და ასეთი ხედვით არა მარტო მშვიდობას შევინარჩუნებთ ქვეყანაში, არამედ რეგიონშიც - სამხრეთ კავკასიის რეგიონში - ხელს შევუწყობთ მშვიდობას. ძალიან გვახარებს, რომ ამ მიმართულებით თურქეთის ძალიან ძლიერი პარტნიორები ვართ“, - აღნიშნა კობახიძემ.




























