მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას გაძლიერება სჭირდება - ევროკომისიის ანგარიში

ეროვნული ბანკი

ევროკომისიის მიერ დღეს, 4 ნოემბერს, გამოქვეყნებული გაფართოების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას გაძლიერება სჭირდება, მათ შორის უნდა გამკაცრდეს ბანკის საბჭოს წევრთა შერჩევისთვის საჭირო კვალიფიკაციის კრიტერიუმები.

90-გვერდიანი დოკუმენტი თითქმის ყველა ასპექტს ეხება, მათ შორის ეკონომიკურ განვითარებას. ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის მოწოდებაა გადაიდგას სარწმუნო ნაბიჯები, რომლითაც გააძლიერებდა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სებ-ის უმთავრესი მიზანი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა, რაც ევროკავშირის მონეტარული პოლიტიკის სამართლებრივ ჩარჩოსთან თანხვედრაშია.

"2025 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი ახალი წევრი. ამ დანიშვნების შედეგად, საბჭო ახლა სრულად დაკომპლექტებულია და მისი უმრავლესობა არააღმასრულებელი წევრები არიან. მოქმედი რჩება დებულება, რომელიც საშუალებას აძლევს პირველ ვიცე-პრეზიდენტს განუსაზღვრელი ვადით შეასრულოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა. ეს დებულება, ისევე როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და მისი ორგანოების წევრთა თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები, არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას სჭირდება გაძლიერება მათ შორის, საბჭოს წევრთა კვალიფიკაციის კრიტერიუმების გამკაცრების გზით.

საქართველომ უნდა გადადგას სარწმუნო ნაბიჯები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით საბჭოს წევრთა კვალიფიკაციისა და დამოუკიდებლობის კრიტერიუმების გაძლიერების მიმართულებით", - წერია დოკუმენტში.

ევროკავშირი 2025 წლის გაფართოების ანგარიში მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას და აცხადებს, რომ 2024 წლის შემდეგ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია, რისი მიზეზი დემოკრატიული უკუსვლა და ფუნდამენტური უფლებების მნიშვნელოვანი შეზღუდვაა. ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის მხოლოდ სახელი დარჩა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები