UEFA-მ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა ჩაატარა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა.
“ჯვაროსნები” 4 გუნდიან, E ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ჩვენი მეტოქეები ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული გუნდი, თურქეთი და ბულგარეთი იქნებიან.
ევროპული ნაკრებები 12 ჯგუფში გადანაწილდნენ, ექვსი ჯგუფი ხუთგუნდიანია, ექვსიც - ოთხგუნდიანი თითოეული ჯგუფის გამარჯვებული მუნდიალზე პირდაპირ გავა, 12 მეორეადგილოსანი პლეი-ოფში ითამაშებს, სადაც მათ ერთა ლიგის ოთხი საუკეთესო ნაკრები შეუერთდება, რომლებიც შესარჩევ ციკლში პირველ ან მეორე ადგილს ვერ დაიკავებენ.
სულ ევროპას 16-გუნდიანი კვოტა აქვს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელშიც პირველად ისტორიაში 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ცნობისთვის, საკვალიფიკაციო ეტაპი სტარტს 2025 წლის სექტემბერში დაიწყებს და ნოემბერში დაასრულებს, ხოლო პლეი-ოფის შეხვედრები 2026 წლის მარტში შედგება.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ, ხოლო ტურნირი 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.