მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ესაჭიროება მეგობრები და მხარდაჭერა და არა ფარისევლობა და ძირის გამოთხრა - პაპუაშვილი

პაპუაშვილი

საქართველოს ესაჭიროება მეგობრები და მხარდაჭერა და არა ფარისევლობა და ძირის გამოთხრა. ორივე უკვე საკმარისად გამოვცადეთ, ჩრდილოეთიდან - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. Facebook-პოსტში ის დასავლელი პარტნიორების საპროტესტო აქციაზე მისვლას ეხმიანება და "არამეგობრულ ჟესტად" აფასებს. ის მათ აკრიტიკებს და ევროპელი დიპლომატების ქმედებას საბჭოთა სახელმძღვანელოდან გადაწერას ადარებს.

"ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა ქართველი ხალხის მიმართ უბრალოდ არამეგობრული ჟესტი კი არა, იმის სიმპტომიცაა, რომ რუსეთის მთავრობამ თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში.

მიმართო აღელვებული ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებსაც რადიკალური ოპოზიციური პარტიები მთავრობის წინააღმდეგ მართავენ და უწოდო მათ „მთელი ერი“ ისეთი საქციელია, რომელსაც საბჭოთა ან რუსი პროპაგანდისტებისგან უფრო მოელი, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისგან. თანაც, ხელი შეუწყო დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობის მცდელობას იმის გამო, რომ მის მიერ მიღებული კანონმდებლობა არ მოგწონს, საბჭოთა სახელმძღვანელოდან გადმოწერილს ჰგავს.

ჩვენი ბალტიელი პარტნიორების მთავრობებში ზოგიერთი მეტისმეტად შორს გაიტაცა საკუთარმა რიტორიკამ. სამყაროს შავ-თეთრად წარმოდგენამ ისინი მიიყვანა მდგომარეობამდე, რომელშიც ყველა, ვინც მათ რიტორიკას არ ეთანხმება, ავტომატურად მტრად იქცევა; მტერს ნებისმიერი საშუალებით უნდა გაუსწორდე; და, ამიტომაც, დიპლომატია პროპაგანდით უნდა ჩაანაცვლო. ყველა, ვინც საბჭოთა და რუსეთის თანამედროვე ისტორიაშია გარკვეული, უცებ იცნობს ამ სტილს.

ეს ყოველივე არასწორია. საქართველოს მთავრობამ, დიდი ხანია, დაამტკიცა ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებებისა და პოლიტიკის მიმართ. თუმცა დღესდღეობით, ნატო-ს წევრობის გაჭიანურებული პერსპექტივის გამო, უცხოეთიდან მომავალი გამოწვევების გამკლავება, საქართველოს, მეტწილად, მარტოს უხდება. ერთ-ერთი ამგვარი გამოწვევა გაუმჭვირვალე უცხოური ფულია, რომელიც თავისუფლად შემოედინება საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, მათ შორის, რადიკალურ ჯგუფებშიც.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონმდებლობა ამ გამოწვევის საპასუხოდაა მიღებული, რომელსაც აქვს პრეცედენტი დასავლეთში და დემოკრატიული მმართველობის ფარგლებშიც ჯდება. ამ კანონის მონათვლა „რუსულად“ მას არადემოკრატიულად არ აქცევს. მეტიც, არ ამართლებს საქართველოს მთავრობაზე თავდასხმას.

ზოგი, ვისაც კანონი შეეხება, მას აპროტესტებს. პროტესტი, ხშირად, რადიკალური და ძალადობრივია. უცხოელი ოფიციალური პირების მიერ ამ პროტესტში მონაწილეობა, საქართველოს სუვერენიტეტისა და დიპლომატიური პრაქტიკის უგულებელყოფით და „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების“ სახელით, უკეთეს შემთხვევაში, ფარისევლობაა, ხოლო უარეს შემთხვევაში - ქვეყნის აყირავების მცდელობა.

საქართველოს ესაჭიროება მეგობრები და მხარდაჭერა და არა ფარისევლობა და ძირის გამოთხრა. ორივე უკვე საკმარისად გამოვცადეთ, ჩრდილოეთიდან", - წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთის, ისლანდიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს რუსთაველის გამზირზე "რუსული კანონის" საპროტესტო აქციაზე მივიდნენ და მონაწილეების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

"ჩვენმა ერებმა იციან, რას ნიშნავს მოსკოვის წნეხის ქვეშ ყოფნა. ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ. მაგრამ ყველა ჩვენგანმა ჩვენით უნდა გამოვძერწოთ ჩვენი ერების ბედი, ასეთი შესაძლებლობები ძალიან იშვიათია და ყველაფერს აქვს თავისი ფასი. ჩვენ ღიად უნდა ვილაპარაკოთ, რას ნიშნავს მიმდინარე პოლიტიკა საქართველოს მომავლისთვის, სწორედ ამიტომ ვსვამთ კითხვას: სად მივდივართ?", - მიმართა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა პროტესტის მონაწილეებს.

"ევროკავშირის და ნატოს წევრობის გარეშე, მე როგორც თავისუფალი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აქ ვერ ვიდგებოდი. ქართველო ხალხო, ჩვენ ყველა ვართ თქვენთან და თქვენ მარტო აღარასოდეს იქნებით. თქვენ, როგორც ერმა გადაწყვიტეთ თქვენი გზა ევროპისკენ, ეს არის თქვენი ღირსეული ადგილი. ჩვენ ყველა ერთად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს გზა გაგრძელდეს", - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები