პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან დიპლომატების განცხადებებს საბჭოთა კავშირის რიტორიკას ადარებს და აცხადებს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმომადგენლები "დიდი ძმის" როლს ირგებენ - პაპუაშვილმა ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.
"რვა კაცი რომ დაგვადგა თავზე, კომიტეტების თავმჯდომარეები და გაბედეს ის, რომ სხვა ქვეყანაში მიტინგზე გამოდიან, ამ რვა ადამიანს რა ევროპაზე უნდა ველაპარაკოთ? ეს ხომ არ არის ის ევროპა, რომელიც გვინდა? ასეთში, საბჭოთა კავშირშიც ვიყავით, როდესაც რევიზორები ჩამოდიოდნენ აქ და, სხვათა შორის, ზოგჯერ ისინიც ვერ ბედავდნენ იმდენს, რასაც ზოგიერთი ლიეტუველი თუ ესტონელი პოლიტიკოსი გვიბედავს.
აქ რაღაც პრორუსულობას, ოლიგარქიას და რაღაცებს რომ გვაბრალებენ, ეს არ არის ანტიქართული?! ხომ არიან ისინი ანტიქართველები მაშინ, თუკი აქ ანტიდასავლურობაზე საუბრობენ. ასე არ შეიძლება, ჩვენ აქ ვიღაცაზე ნაკლები არ ვართ. მთავარი პრობლემა ესაა, ჩვენ აღმოვაჩინეთ უცებ, რომ ევროინტეგრაცია ზოგიერთისთვის, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში, დანახულია, რომ ისინი არიან „დიდი ძმები“, ჩამოდიან აქ, რომ „პატარა ძმებს“ ჭკუას გვასწავლონ. ამას ვხედავთ, განსაკუთრებით, ბალტიის ქვეყნებში", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს საშინაო საქმეებში ერევიან, მაშინ, როცა რუსეთს სწორედ ამაზე ედავებიან.
წამყვანის კითხვაზე, ხომ არის განსხვავება რუსეთსა და ევროკავშირს შორის, როდესაც რუსეთი საქართველოში ჯარით შემოვიდა, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ინტერვენცია ორგვარია, სამხედრო და პოლიტიკური.
"ჩვენ დაცულები საბჭოთა კავშირშიც ვიყავით და ჩვენი საზღვრები არ ირღვეოდა. დაცულობა იმას კი არ ნიშნავს, რომ უნდა ჩამოვიდნენ აქ ლიეტუველი და ესტონელი პოლიტიკოსები და „დიდი ძმის“ ტონით გვესაუბრონ. ეს ცალკე საკითხია კიდევ, როგორც ჩანს, იმდენი უყურეს მოსკოვს თავის დროზე, ახლა ცდილობენ მოსკოვის როლი შეგვისრულონ.
ზუსტად იგივე რიტორიკა და სტილი აქვს ზოგიერთ პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსს ჩვენთან დამოკიდებულებაში, როგორც საბჭოთა კავშირს. ეს აგდებული ტონალობა... რას კადრულობენ, ჩამოდიან და მიტინგს აწყობენ, აქ ხომ წერტილი ესმება საერთოდ ევროპას. ჩამოდიხარ და სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ერევი, რუსეთს ამაზე არ ედავებიან? ხომ ედავებიან! და თუ ამას ედავებიან, თვითონ ხომ უნდა იყვნენ ფრთხილად რომ ასეთი აღქმები არ შექმნან?
არის სამხედრო ინტერვენცია და პოლიტიკური ინტერვენცია, და როდესაც პოლიტიკური ინტერვენცია გაქვს და სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ერევი, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობ, ამას რა უნდა დავარქვათ? ყველაფერი მარტო ტანკით და რაკეტებით არ წყდება, არის პოლიტიკური ინტერვენციაც. როდესაც ასოცირების ხელშეკრულებას ვაწერდით ხელს, ხელი ამისთვის არ მოგვიწერია, რომ აქ დიდი ძმის როლი გვეთამაშოს ვინმემ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.