დონორებმა ჯანდაცვის სფეროში პროექტები შეაჩერეს. ამის შესახებ WHO-ს უნივერსალური ჯანმრთელობისა და პანდემიებისთვის მზადყოფნის მიმოხილვის მრჩეველთა ჯგუფის წევრი, ზაზა წერეთელი BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.
მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირის 2 წლიანი პროექტი შეუჩერდა, რომელიც ქვეყნის ინკლუზიური სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის იყო განკუთვნილი.
„გერმანიის დაფინანსებით, ევროკავშირს 2 წლიანი, 2025-2027 წლის გეგმა უნდა შეემუშავებინა, ქვეყნის ინკლუზიური სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. ის მოიცავდა ჯანდაცვის და სოციალური სისტემის გაძლიერებას. ამასთან, გენდერული ბალანსის აღდგენასა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას.
ევროკავშირს საქართველოსთან ერთად უნდა ემუშავა იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ სფეროებში იმისათვის, რომ საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან მომხდარიყო. თუმცა, იმ მოვლენების გამო, რომელიც საქართველოში განვითარდა და საქართველომ განაცხადა, რომ 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს, ყველა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამაც თქვა, რომ რაღაც მომენტით მათ თავი უნდა შეიკავონ. მათი თქმით, როდესაც ქვეყანას არ აქვს ინტერესი, ისინი ამ მომენტისთვის [პროექტის განხორციელებისგან] თავს შევიკავებთ“,- ამბობს წერეთელი.
ის ასევე საუბრობს იმ შეჩერებული პროექტების შესახებ, რომელიც ზოგადად ჯანდაცვის სისტემისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ეს იყო ლუგარის ლაბორატორიის პროექტები აშშ-ს დაფინანსებით, რომელიც ინფექციური დაავადებების და გარკვეული გრიპის ვირუსების ეპიდემიოლოგიას ეხებოდა.
WHO-ს უნივერსალური ჯანმრთელობისა და პანდემიებისთვის მზადყოფნის მიმოხილვის მრჩეველთა ჯგუფის წევრი აღნიშნავს, რომ საქართველოსნაირი ქვეყნისთვის სხვა ქვეყნებთან ყოველწამიერად იქნება ურთიერთობაში. ამასთან იმისათვის, რომ ქვეყანა სხვადასხვა დაავადებებს ებრძოლოს, საჭიროა ფინანსები, რომელიც დასავლეთიდან მოდიოდა ხოლმე. თუმცა არსებული მდგომარეობა, გარკვეულწილად ნდობის შემცირებას ზრდის, რომლის აღდგენასაც დრო დასჭირდება.