მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ახლა იწყება“ - გახარია საქართველოსთვის

ექსპრემიერი

პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ხელისუფლებამ რუსული კანონის მიღებით გააფორმა ევროპული საგარეო კურსის ცვლილება და დააანონსა რეპრესიები.

პარტიის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ნათქვამია ასევე ისიც, რომ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ახლა იწყება.

„რუსული კანონი მიღებულია!

დღევანდელი გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ გააფორმა ევროპული საგარეო კურსის ცვლილება და დააანონსა რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი აზრის და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლება ღიად გასცდა კონსტიტუციურ ფარგლებს, რადგან მიღებული რუსული კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

რუსული კანონი და ხელისუფლების ბოლოდროინდელი პოლიტიკა გამოიწვევს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას ევროკავშირთან. საქართველო დგას საერთაშორისო იზოლაციის რეალური რისკის წინაშე, რაც პირდაპირი საფრთხეა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის და შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისთვის. საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია მძიმე გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკასა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.

ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით არა მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტანა პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, არამედ ქვეყანა დატოვა ნამდვილი მეგობრების გარეშე. ათწლეულების მანძილზე სტრატეგიულ პარტნიორებთან ნაშენები ნდობა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ რამდენიმე თვეში დაანგრია ძალაუფლებისა და ჩვენი მოქალაქეებისგან მოპარული ფულის შესანარჩუნებლად.

რუსული კანონის მიღების მიუხედავად, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ახლა იწყება. ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვანი გამარჯვება უკვე მოიპოვა - მსოფლიოს გააგონა, რომ საქართველო ევროპაა. უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა ამ გამარჯვების არჩევნებზე გასაფორმებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები