„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის, გიორგი ერაძის განცხადებით, კომპანიაში 2025 წელს არსებული წამგებიანი მიმართულებები ამ ეტაპზე უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაში გადავიდა. მისივე თქმით, სახელმწიფო კომპანია, რომელმაც გასული წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა, 2026 წელს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად, მოგებაზე გასასვლელად ემზადება.
„ბოლო 7 თვის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები მიზნად ისახავდა საოპერაციო ეფექტურობის გაზრდას, ფინანსური სტაბილურობის აღდგენას და კომპანიის მდგრად განვითარებაზე გადასვლას. შუამავლური მოდელიდან ეტაპობრივად ბრუნდება ბიზნესპროცესები „საქართველოს ფოსტაში.“ 2025 წელს წამგებიანი მიმართულებები ამ ეტაპზე უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია. იგეგმება საერთაშორისო ლოგისტიკის განვითარება, ახალი ჰაბების და ხელმისაწვდომობის ხაზების გაფართოება. საქართველოს ფოსტის საჰაერო ტერმინალი აღდგენილია, გაფორმებულია ხელშეკრულებები ავიაკომპანიებთან, რამაც დაზოგა სატერმინალო მომსახურების გადასახადი და ასევე შეამცირა სატრანზიტო ვადები“, - აღნიშნა „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა.
ფოსტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ „საქართველოს ფოსტა,“ რომელმაც შარშანდელი წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მომგებიანი სახელმწიფო კომპანია.
იქამდე, 2026 წელს კომპანიის მომგებიანად ქცევა დააანონსა ირაკლი კობახიძემაც.




























