ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ორგანო MONEYVAL-ი საქართველოს შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული ზომები გააუმჯობესა.
MONEYVAL-ის შეფასებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (საქართველოს ფინანსური დაზვერვის ერთეულის) უფლებამოსილების გაძლიერებით, გადასცეს ინფორმაცია და ანალიზის შედეგები სამართალდამცავ ორგანოებს მათი მოთხოვნისა და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, საქართველომ აღმოფხვრა ადრე გამოვლენილი მნიშვნელოვანი ხარვეზი. თუმცა რჩება მხოლოდ მცირე ხარვეზები, რომელიც შეეხება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ოპერატიული და სტრატეგიული ანალიზის ჩატარების მკაფიო მოთხოვნასა და ფულის გათეთრების განმარტების ფარგლებს.
პროგრესის შედეგად, Financial Action Task Force-ის 29-ე რეკომენდაციის რეიტინგი, რომელიც შეეხება ფინანსური დაზვერვის ერთეულს, "ნაწილობრივ შესაბამისიდან" გაიზარდა "ძირითადად შესაბამისამდე".
ანგარიში, ასევე, განიხილავს ისეთ საკანონმდებლო, მარეგულირებელ და ინსტიტუციურ ღონისძიებებს, როგორებიცაა ონლაინ კაზინოებისათვის ცენტრალური ელექტრონული ანგარიშგების შემოღება, კაზინოების ბენეფიციარი მფლობელებისთვის ნასამართლობის არქონა, კაზინოებისათვის მოქმედი AML/CFT (ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის) მოთხოვნების დარღვევებისათვის სანქციების დაწესება, ასევე საინვესტიციო ფონდების სექტორისთვის ფართო მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღება. თუმცა, ეს ზომები არ იყო საკმარისი 22-ე, 28-ე ან 35-ე რეკომენდაციების რეიტინგების გასაუმჯობესებლად, რადგან რჩება გარკვეული ხარვეზები, რომლებიც შეეხება განსაზღვრულ არასაფინანსო საქმიანობებსა და პროფესიებს და სანქციების რეჟიმს.
საერთო ჯამში, საქართველომ მიაღწია სრულ შესაბამისობას FATF-ის 40 რეკომენდაციიდან, რომელიც წარმოადგენს AML/CFT საერთაშორისო სტანდარტებს, ექვს რეკომენდაციასთან და ინარჩუნებს მცირე ხარვეზებს 22 რეკომენდაციის განხორციელებაში.
ცნობისთვის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ღონისძიებების შეფასების ექსპერტთა კომიტეტი - MONEYVAL-ი წარმოადგენს ევროპის საბჭოს მუდმივი მონიტორინგის ორგანოს. იგი უფლებამოსილია შეაფასოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ძირითადი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობა, მათი განხორციელების ეფექტურობა, ასევე, ადგილობრივ ხელისუფლებას მიაწოდოს რეკომენდაციები ეროვნული სისტემების აუცილებელი გაუმჯობესების მიზნით.