მომდევნო 10 წელიწადში გადამცემი ხაზების და ქვესადგურების ასაშენებლად საქართველოს 1 მლრდ ევროს ინვესტიცია დასჭირდება.
როგორც „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2024-34 წლების ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაშია საუბარი 2024-2034 წლებში ახალი, რეაბილიტირებული ან გაორჯაჭვიანებული გადამცემი ხაზების ჯამური სიგრძე (ტრასის სიგრძე) დაახლოებით 1400 კმ-ს, ხოლო ქვესადგურების ჯამური სიმძლავრე - 5000 მგვა-ს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ 3 პროექტი ემსახურება სისტემათა შორისი კავშირების გაძლიერებას, მათ შორის 1 - თურქეთთან მუდმივი დენის ჩანართით, 1 - სომხეთთან, და 1 რუსეთთან. 6 პროექტი ემსახურება შიდა სასისტემო გამტარუნარიანობის გაზრდას და საიმედოობის ამაღლებას.
BMG დაინტერესდა რა წყაროებიდან განიხილავს ელექტროსისტემა პროექტების დაფინანსებას.
„ათწლიან გეგმაში შემავალი პროექტებისთვის საჭირო ინვესტიციების ძირითადი ნაწილის დაფინანსების წყაროდ განიხილება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები. ვიმედოვნებთ, რომ დონორების მიერ გამოყოფილი დაფინანსება იქნება სახელმწიფოსთვის ხელსაყრელი პირობებით“, - ნათქვამია BMG -სთვის მოწოდებულ წერილობით პასუხში.
თუკი დაგეგმილი პროექტები განხორციელდება „ელექტროსისტემა“ ელის, რომ მოხდება არსებული ქსელის საიმედოობის ამაღლება, შესაძლებელი გახდება 1000 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის მიმოცვლა როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ასევე ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის და ასევე შესაძლებელი გახდება დამატებით 3500-4000 მგვტ სიმძლავრის ჰესების ქსელში ინტეგრაცია.
სახელმწიფო კომპანიაში აცხადებენ, რომ გასული 10 წლის განმავლობაში, გეგმის ფარგლებში, უკვე განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. კერძოდ, ამ პერიოდში აშენდა ჯამურად დაახლოებით 2000 მგვა დადგმული სიმძლავრის 500/330/220/110/35 კვ ძაბვის ქვესადგურები და განხორციელდა დაახლოებით ამავე ჯამური სიმძლავრის ტრანსფორმატორებისა და ავტოტრანსფორმატორების მონტაჟი არსებულ მაღალი ძაბვის ქვესადგურებში. ასევე აშენდა 500/330/220/110/35 კვ ძაბვის გადამცემი ხაზები ჯამური სიგრძით დაახლოებით 500 კმ.