მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 10 წლის განმავლობაში სომხეთთან ელექტროენერგიით აქტიური ვაჭრობა პირველად დაფიქსირდა - მაია მელიქიძე

გადამცემი ხაზები

საქართველომ სომხეთთან ელექტროენერგიის ექსპორტი გაზარდა. თუ გასულ წელს მაისი - ივლისის პერიოდში სომხეთში 78,4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა, წელს 6 თვის სტატისტიკით მეზობელ ქვეყანაში თითქმის 90 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიაა გატანილი. მათ შორის მხოლოდ ივნისში ექსპორტმა 55 მლნ-ს მიაღწია. სახელმწიფო ელექტროსისტემის სტატისტიკით ექსპორტი ივლისშიც გრძელდება. 2024 წლის პირველ ექვს თვეში კი, ექსპორტირებულია 757 გვტ.სთ. ელექტროენერგია. ექსპორტის 84% თურქეთში, 12% სომხეთში, ხოლო 4% აზერბაიჯანში განხორციელდა.

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, ბოლო 10-წლიან პერიოდში პირველად ხდება სომხეთთან ელექტროენერგიით აქტიური ვაჭრობა, არსებობს პოტენციალი მოცულობები გაიზარდოს, თუმცა როგორც მაია მელიქიძე განმარტავს, გამოწვევას ელექტროგადამცემი ხაზის დაბალი გამტარუნარიანობა წარმოადგენს.

„საქართველო გახდა საინტერესო საქართველოდან ელ. ენერგიის ექსპორტისთვის. სომხეთის მხრიდან საქართველოდან იმპორტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, უბრალოდ აქ გამოწვევას ვაწყდებით იმას, რომ გადამცემი ხაზი ატარებს მხოლოდ 150 მეგავატს. საუბარი არის იმაზე, რომ 350-მდე გაიზარდოს გადამცემი ხაზის შესაძლებლობა, თუმცა მე ვისურვებდი, რომ არამხოლოდ 350,არამედ 700 მეგავატით აიწიოს ამ მაჩვენებელმა.

რატომ? იმიტომ, რომ მათ უკვე აქვთ სერიოზული საჭიროება ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით და ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არის უზარმაზარი პოტენციალის მქონე და მზაობა უნდა გამოვაცხადოთ იმისა, რომ ავაშენოთ რაც შეიძლება დიდი გენერაციის ობიექტი, რომ ვიყოთ ექსპორტიორი ქვეყანა. აქამდე თუ ვიყავით მხოლოდ თურქეთისთვის, გარკვეულწილად აზერბაიჯანისთვის, ახლა უკვე საინტერესო გავხდით სომხეთისთვისაც.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ბოლო პერიოდში დაფიქსირდა სომხეთთან ელექტროენერგიით აქტიური ვაჭრობა. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთის მთავრობის მხრიდან არის მზაობა, რომ გაძლიერდეს გადამცემი ხაზი და ჯერ არ მქონია შეხვედრა საქართველოს ელექტროსისტემასთან, თუმცა დარწმუნებული ვარ მათი მხრიდანაც იქნება მზაობა“, - აცხადებს „საქმის კურსთან“ ინტერვიუში მაია მელიქიძე.

მისი თქმით, სომხეთი საქართველოში ასევე დაინტერესებულია ენერგეტიკაში ინვესტირებით, კერძოდ საუბარია მზის ელექტროსადგურის გენერაციაში ინვესტიციების განხორციელებაზე და გამომუშავებული სიმძლავრის სომხეთში ექსპორტზე.

„მათ სურთ მზის ელექტროსადგურის გენერაციაში ინვესტირება, ვინაიდან კარგი გამოცდილება და ექსპერტიზა დაუგროვდათ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში და ფიქრობენ გენერაციის ნაწილში ჩაერთონ, რომ მათივე ქვეყანაში მოახდინონ ექსპორტი. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, საქართველომ აუცილებლად უნდა გაზარდოს და გააძლიეროს გადამცემი ხაზები, მეზობელ სომხეთთან“,-აცხადებს მელიქიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები