მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ელექტროენერგიის ექსპორტი მოცულობით და ფასების კუთხით შემცირებულია" - მიზეზები და მოლოდინი

6497ea872f57a
ვიქტორია მღებრიშვილი
25.06.23 12:34
550
"საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი აბრამიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი გასულ წელთან შედარებით კლების ტენდენციით ხასიათდება. ამის მთავარი ფაქტორი კი მთავარ საექსპორტო ქვეყანაში - თურქეთში ელექტროენერგიის მოხმარების კლება და ფასების შემცირება წარმოადგენს.

საქართველოსთვის ჭარბწყლიანობის პერიოდში გენერაციის ჭარბი მოცულობების ექსპორტის მნიშვნელობასა და პროგნოზებზე გიორგი აბრამიშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ ისაუბრა. ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის ექსპორტით საქართველო დაახლოებით 50 მლნ დოლარის შემოსავალს მიიღებს.

„ამჟამად თურქეთში 500 მეგავატი ელექტროენერგიის ექსპორტი მიმდინარეობს. იმედი გვაქვს ივნისში უფრო მეტი სიმძლავრის გატანას შევძლებთ. ერთი მხრივ გასულ წელთან შედარებით ელექტროენერგიის ფასები საექსპორტო ბაზარზე საკმაოდ შემცირებულია, ვინაიდან თურქეთში ლირის მაღალი ინფლაციაა და ეს ფასებზე გარკვეულ გავლენას ახდენს. მეორე მხრივ ქართული ბაზრისთვის მნიშნელოვანია ჭარბი გენერაციის თვეებში - მაისში, ივნისსა და ივლისში ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანა შევძლოთ.

გასულ წელთან შედარების ელექტროენერგიის ექსპორტი როგორც მოცულობით ასევე ფასების კუთხით შემცირებულია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს მოცულობები გაგვაქვს.

ექსპორტის მოცულობის შემცირება თურქეთში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას უკავშირდება. ერთი მხრივ ძალიან დიდი რაიონი მიწისძვრის გამო გაითიშა და ქვეყანაში ჯამური მოხმარებაა დაკლებული. ჩვენი მხარე მზად არის, რომ მეტიც გაიტანოს. გადამცემი ხაზების ინფრასტრუქტურასაც 700 მგვტ-ის გატანა შეუძლია, თუმცა მიმდინარე წელი როგორც საქართველოსთვის, ასევე თურქეთისთვის ჭარბწყლიანია და მოთხოვნა ამ საექსპორტო ბაზარიდან შემცირებულია“, - განმარტა გიორგი აბრამიშვილმა.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველომ 416 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტით 29 მილიონ 897 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. მოცულობით ექსპორტი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 52.8%-ით გაიზარდა, ხოლო ღირებულებით ზრდა კი მხოლოდ 25.8%-ია. ამასთან აღსანიშნია ისიც, რომ 2022 წლის 5 თვეში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტით მიღებული შემოსავალი რეკორდულად იყო გაზრდილი, რაც ძირითად საექსპორტო ბაზარზე - თურქეთში საქონელზე ფასის ზრდით იყო განპირობებული. გასული წლის 5 თვის პერიოდში ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიის ღირებულება 321.2%-ით მეტი იყო 2021 წლის მაჩვენებელზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები