მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს განათლების სამინისტროსა და USAID-ს შორის თანამშრომლობა ფართოვდება - მემორანდუმი კერძო სექტორის როლის გაძლიერებას ითვალისწინებს

62ffe988b889f
BM.GE
19.08.22 23:40
962
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის, საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერას საგანმანათლებლო სისტემის გაძლიერების გზით ითვალისწინებს, რაც განათლების ყველა მიმართულებით, მათ შორის ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საფეხურზე, სხვადასხვა მხარდამჭერი პროექტის განხორციელებას გულისხმობს.

დოკუმენტს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ და საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კლერ მეისონმა მოაწერეს.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები ერთობლივად განახორციელებენ პროგრამებს ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობის კუთხით, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის ზრდას. ასევე, თანამშრომლობის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად, პედაგოგებისთვის შეიმუშავებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სხვადასხვა პროფესიულ ტრენინგს, აკადემიურ პროგრამებსა და სასწავლო რესურსებს.

მემორანდუმი ითვალისწინებს განათლების სისტემის რეფორმის პროცესში კერძო სექტორის როლის გაძლიერებასაც, რაც, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, USAID საქართველოსთან ერთად, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საგანმანათლებლო ინსტიტუციებისა და სამოქალაქო- საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობის გაღრმავებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები