„საქართველოს განვითარების ფონდს“ (ყოფილი საპარტნიორო ფონდი) 2022 წელს შემოსავალი 1240%-ით გაეზარდა.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ფონდის შემოსავალმა 2022 წელს 488 მლნ ლარი შეადგინა, ხარჯის მოცულობა კი, 401 მილიონს შეადგენდა. შესაბამისად, ფონდმა გასული წელი 87 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურა, 2021 წელს არსებული 7 მლნ შემდეგ.
ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ფისკალური რისკების ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომპანიის რისკის რეიტინგი საშუალო რისკიდან გაუმჯობესდა დაბალ რისკამდე, რაც ახსნადია რიგი გარემოებებით:
- შემცირდა კომპანიის საქმიანობის მასშტაბი და ასეთივე პროპორციით შემცირდა კომპანიასთან ასოცირებული ფისკალური რისკები. კერძოდ, კომპანიის მართვაში არსებული მსხვილი საწარმოები - საქართველოს რკინიგზა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია დაუბრუნდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს;
- კომპანიამ 2022 წელს წინსწრებით დაფარა "კრედიტ ევროპა ბანკის" მიმართ დარჩენილი სესხი;
- საპარტნიორო ფონდის სესხი საქართველოს რკინიგზის მიმართ (18.1 მლნ) გაიქვითება გარდაბნის თბოელექტროსადგურის წილში მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში;
- კომპანიამ გაანულა ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ არსებული სესხი;
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს განვითარების ფონდმა“ (ყოფილი საპარტნიორო ფონდი) უკვე დაიწყო შეცვლილი სახელით და სტრუქტურით საქმიანობა. შეიცვალა ფონდის სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოები.
განისაზღვრა ფონდის დაფინანსების წყაროები. ესენია: საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული გრანტები; საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და სხვა სუბიექტებისგან მიღებული სესხები, რომელთა დაბრუნებაზე ფონდი თვითონ არის პასუხისმგებელი; განხორციელებული ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი; სახელმწიფოს მიერ ფონდისათვის გადაცემული კომპანიების ან/და უშუალოდ ფონდის მიერ დაფუძნებული კომპანიების დივიდენდები; წილებისა და ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიღებული შემოსავალი; ფონდის დამფუძნებლის (სახელმწიფოს) შენატანები ფონდის კაპიტალში და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.