უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთი ვიდეომიმართვით განმარტა "ქართული ოცნების" მთავრობის წარმომადგენლებისა და მათთან აფილირებული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოტივი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს ამერიკამ და ევროპამაც.
„გადაწყვეტილება საქართველოში მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, ვისაც ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს - მნიშვნელოვანია, რომ იგივე პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღონ ჩვენმა პარტნიორებმა მსოფლიოში - ევროპელებმა, ამერიკელებმა და ზოგადად ყველამ, ვინც ქვეყნების დამოუკიდებლობასა და კანონის უზენაესობას აფასებს", - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ "საქართველოს ინტერესების პუტინისთვის მიყიდვა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს“.
ცნობისთვის, უკრაინამ "ოცნების" ხელისუფლების 19 წარმომადგენელი და მათთან აფილირებული პირები გუშინ დაასანქცირა. მათ შორის არიან ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი რუხაძე, კახა ბექაური და სხვები.