საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის 9 თვეში საქართველოს IT სექტორმა 608 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს თანხა 283 მილიონით, ანუ 87%-ით მეტია.
IT სექტორის შემოსავლების მატება პირველ რიგში მიგრაციულ ეფექტს უკავშირდება, რა დროსაც საქართველოში დროებით საცხოვრებლად ათასობით რუსი, უკრაინელი და ბელარუსი სპეციალისტი გადმოვიდა, შესაბამისად, მათი საქმიანობაც ამჟამად საქართველოდან მიწოდებულ IT სერვისებად ითვლება. თუკი 2021 წლის ბოლოს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში 30.6 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, ეს 2022 წელს ჯერ 39 ათასამდე გაიზარდა, 2023 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით კი 45.5 ათასს აღემატებოდა. ანალოგიურად, გაზრდილია საშუალო ანაზღაურებებიც, თუკი ამ სექტორში ხელფასი 2021 წელს 2 ათასი ლარი იყო, 2022-ში 3.8 ათას ლარამდე გაიზარდა, 2023 წლის მესამე კვარტალში კი 4.1 ათასს მიაღწია.
თუმცა კვარტალური მაჩვენებლები ზრდის ტემპის შენელებაზე მეტყველებენ. საქმე ის არის, რომ IT სექტორის შემოსავლები ყველაზე მსხვილი 2023 წლის პირველ კვარტალში იყო და 231 მილიონ დოლარს შეადგენდა, მეორე კვარტალში 198 მილიონ დოლარამდე შემცირდა, მესამე კვარტალში კი 178 მილიონი დოლარი იყო, რაც მიგრაციული ეკონომიკური ეფექტის თანდათანობით შემცირებასთანაა თანხვედრაში, თუმცა მთლიანობაში სექტორის ზომა და შემოსავლები რეკორდულად მასშტაბურია.