მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ჯერ კიდევ სესხების დოლარიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონე აქვს გლობალურად - დავით უტიაშვილი

დავით უტიაშვილი

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ბოლო წლებში გატარებული ლარიზაციის პოლიტიკის შედეგად, ფიზიკური პირების სესხებში დოლარიზაციის წილი მნიშვნელოვნად, 21%-მდე შემცირდა.

როგორც დავით უტიაშვილმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, მიუხედავად ამისა, ჯამურად, იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის გათვალისწინებით, საქართველოში სესხებში დოლარიზაციის დონე მაინც მაღალ ნიშნულზე, 42%-ის ფარგლებში ნარჩუნდება.

“გრძელვადიან დინამიკას თუ შევხედავთ, სესხებში დოლარიზაციას შემცირების ტენდენცია აქვს. განსაკუთრებით ეს გამოკვეთილი არის ფიზიკურ პირებში, დაახლოებით 21%-ზე ვართ უკვე ჩამოსული უცხოური ვალუტის წილზე ფიზიკური პირების დაკრედიტების შემთხვევაში და აქედან დაახლოებით 15% არის ჰეჯირებული. ანუ ამ ადამიანებს აქვთ ან პირდაპირი შემოსავალი უცხოურ ვალუტაში, ან გზავნილები, ან თავად მუშაობენ საზღვარგარეთ. ამიტომ ფიზიკური პირების შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მიზანი, რაც გვქონდა, დიდწილად უკვე მიღწეულია და მილიონიანი ზღვარი ამას უზრუნველყოფს.

თუმცა დოლარიზაციის მნიშვნელოვანი რისკი რჩება იურიდიული პირების შემთხვევაში, რომლებიც შედარებით მსხვილი კომპანიები არიან, შედარებით უკეთ მართავენ რისკებს, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემურად ეს უფრო პატარა პრობლემაა, ვიდრე ფიზიკური პირების შემთხვევაში. თუმცა [სესხებში დოლარიზაციის] 42%-იანი წილი ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი არის რეგიონში და გლობალურად. ამიტომ ვთვლით, რომ ეს სისტემურ რისკად რჩება. საქართველოში დოლარიზაციის ბუნებრივი დონე ყოველთვის იქნება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სავალუტო შემოდინებები, ღია ეკონომიკა ვართ, ტურიზმი გვაქვს, გზავნილები, ექსპორტი. ამიტომ რაღაც დონე აუცილებლად დარჩება, თუმცა 42% შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მაღალია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ 30%-ზე ზემოთ მაინც რისკიან მაჩვენებლად უნდა ჩაითვალოს”, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა ეროვნული ბანკი დამატებითი მექანიზმების ამოქმედებას ლარიზაციის პოლიტიკის ფარგლებში, უტიაშვილი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით სებ-ი დააკვირდება, რა გავლენას იქონიებს ბაზარზე პირველი ივლისიდან სავალუტო დაკრედიტების ზღვრის 1 მილიონ ლარამდე გაზრდა.

“მილიონიანი ზღვარი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში ამოქმედდა, ამიტომ, ბუნებრივია, უნდა შევხედოთ და დავაკვირდეთ, რა გავლენას იქონიებს ეს მაჩვენებელი. ასევე კომპანიების შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია, იმიტომ რომ ხშირად კომპანიები დოლარში სესხულობენ, მათი სესხის მოცულობა რიგ შემთხვევაში 100 მილიონს აჭარბებს. ამიტომ არ ვიცით, ასეთი ტიპის ზღვრის აწევა რამდენად ეფექტური იქნება ამ ბაზარზე. ამიტომ შეიძლება სხვა ინსტრუმენტების განხილვა დაგვჭირდეს მომავალში. თუმცა ტენდენცია ამ მხრივ საკმაოდ პოზიტიურია და რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, დეპოზიტებში დაახლოებით 8 პროცენტული პუნქტით შემცირდა დოლარიზაცია გასული 1 წლის განმავლობაში, ამიტომ დეპოზიტებში გვაქვს გამოკვეთილად დადებითი ტენდენცია. რეზიდენტების დეპოზიტების დოლარიზაცია 50%-ს ჩამოსცილდა, რაც ისტორიული მიღწევაა. ამიტომ ამ მხრივ პოზიტიურია ტენდენციები და რაიმე დამატებით ინსტრუმენტს არ განვიხილავთ, დავაკვირდებით, რა დინამიკა იქნება ბაზარზე”, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები